უკრაინის გენშტაბი - ოკუპანტების თავდასხმები ბახმუტსა და მარინკაზეა კონცენტრირებული

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ფრონტის ძირითადი მიმართულებებით - ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით, მოწინააღმდეგის 49 შეტევა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოკუპანტების თავდასხმები კონცენტრირებულია ბახმუტსა და მარინკაზე.

„ქალაქ ბახმუტისთვის „ცხელი“ შეტაკებები გრძელდება. ქალაქის წინააღმდეგ შეტევითი მოქმედებების გარდა, ოკუპანტები წარუმატებლად ცდილობდნენ წინსვლას ივანოვსკოეს დასახლების მიმართულებით“, - აცხადებენ გენშტაბში. მათივე ცნობით, მოწინააღმდეგის დაბომბვის შედეგად დონეცკის ოლქის რამდენიმე დასახლება დაზარალდა.

გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ასევე მოიგერიეს მრავალი თავდასხმა ავდიივკასა და მარინკას მიდამოებში.

მარინკას მიმართულებით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის კრასნოგოროვკას, ოსტრომას, გეორგიევკას, მარინკასა და ნოვომიხაილოვკას დასახლებები დაბომბეს.

ამასთან, რუსულ ძალებს, გასული დღის განმავლობაში, ლიმანის მიმართულებით შეტევითი ოპერაციები თითქმის არ ჩაუტარებიათ, თუმცა სოფელ სპორნოეზე ავიადარტყმა განახორციელეს. ასევე, არტილერიის გამოყენებით დაბომბეს მაკეევკა და ბელოგოროვკა (ლუგანსკის ოლქი) და ვერხნეკამენსკი და სპორნი (დონეცკის ოლქი).

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის