უკრაინელმა სამხედროებმა დღეს დილით, რუსების მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს ნასროლი ყველა რაკეტა ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალზე, მიკოლა ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოლეშჩუკის თქმით, რუსებმა 3 ტიპის 18 რაკეტა გაუშვეს - „კალიბრის“, „კინჟალისა“ და „ისკანდერ-მ“ ტიპის რაკეტები.
ოლეშჩუკის ინფორმაციით, თავდასხმა ადგილობრივი დროით დილის 3:30 საათზე მოხდა. რუსები უკრაინის ტერიტორიას ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან 18 სხვადასხვა ტიპის საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ბაზირების რაკეტებით დაესხნენ.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა ყველა რაკეტა გაანადგურეს“, - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა.
გარდა ამისა, მისი თქმით, რუსები უკრაინას Shahed-136/131 დრონებით დაესხნენ თავს და Orlan-10 და SuperCam-ის ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური დრონებით საჰაერო დაზვერვა განახორციელეს. ”ყველა მათგანი განადგურებულია”, - აღნიშნა ოლეშჩუკმა.