2 წელია პროცესი ხელოვნურადაა გაჭიანურებული და ახლა ამბობენ, 24 საათში წარმოადგინეთ კანდიდატებიო - მზად ვართ, ამ საკითხზე პროცესისთვის და არა ულტიმატუმებით და წამზომის ენით საუბრისთვის, პროცესი უნდა იყოს ჯანსაღი, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციისადმი ხელისუფლების მოწოდებას, რომ დღეს, დღის განმავლობაში წარმოადგინონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მათთვის მისაღები კანდიდატები.
ნაცვლიშვილის თქმით, წამზომის ჩართვა არაა ის მიდგომა, რაც ხელისუფლებას ან ქვეყანას შედეგზე გაიყვანს.
„ეს საკითხი ოპოზიციამ დღის წესრიგში ჯერ კიდევ ორი წლის წინ დასვა. ჩვენ დავიწყეთ მოთხოვნა, რომ პარლამენტს აერჩია 5 არამოსამართლე წევრი, რომელთა გარეშეც იუსტიციის საბჭოს დღეს კონსტიტუციური ლეგიტიმაცია აკლია. ოპოზიციის მოთხოვნის შემდეგ დაიწყო ამ საკითხზე ფორმალური პროცესი საქართველოს პარლამენტში. ჩვენ მუდმივად ვაცხადებთ, რომ ჩვენი ამოცანა და მზაობა არის, რომ იუსტიციის საბჭოში კეთილსინდისიერი და კომპეტენტური ადამიანები შევიდნენ, რომლებიც საზოგადოების ინტერესების დამცველები იქნებიან. ოპოზიცია მზადაა, ხელი შეუწყოს ასეთი ადამიანების არჩევას პარლამენტში, თუ ხელისუფლება გაიაზრებს, რომ ასეთი კომპეტენტური და კეთილსინდისიერი ადამიანების არჩევა საბჭოში არის სახელმწიფოსთვის და მართლმსაჯულებისთვის აუცილებელი ამოცანა. რაც შეეხება ულტიმატუმის, ვადის დათქმის და წამზომის ჩართვის საკითხს, ეს არ არის მიდგომა, რომლითაც შესაძლებელია, რომ შედეგი დაიდოს. წამზომის ჩართვაზე და ულტიმატუმებზე ჩვენ არ ვსაუბრობთ და ნუ ისაუბრებს ხელისუფლებაც. ხელისუფლება აბრკოლებდა, ოპოზიციის აქტიურობის შემდეგ კი, ეს პროცესი გაიხსნა. შემდეგ, გასული წლის ბოლოს ხელისუფლებას ჰქონდა ცბიერი მცდელობა, ჩაეხურა ეს საკითხი და ჩაეთრია ოპოზიცია. გამოვიყენეთ პროცედურული შესაძლებლობები, რათა საკითხი არ აღებულიყო მაგიდიდან. მას შემდეგ რაც ბოლო 5 თვეა კიდევ გაჭიანურებულის ეს პროცესი 24-საათიანი წამზომის ჩართვა არაა ის მიდგომა, რაც შედეგზე გაიყვანს ან ხელისუფლებას, ამ ქვეყანას”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ამასთან, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააყენებენ საკითხს, რომ „ლელოს” მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტში წარმოდგენილი 6 პუნქტი შესრულდეს.
„ლელომ“ და პარტნიორმა დეპუტატებმა, პარლამენტში ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბრის დასაწყისში წარვადგინეთ გამართული, სრულყოფილი საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიღება იქნება ევრორეკომენდაციების შესრულება. ეს პაკეტი დაინიცირებულია. დღეს ამ ფორმატშიც, კიდევ ერთხელ დავსვამთ საკითხს, რომ შესრულდეს ეს 6-პუნქტიანი გეგმა, კონკრეტული შეთავაზებებით, სხვა შემთხვევაში არანაირ საკანონმდებლო ცვლილებას, თუ ცვლილებები მთავარ პრობლემას სასამართლო სისტემაში - "კლანურობას" და კორპორატიულ მართვას, არ უპასუხებს, ნებისმიერი სხვა ცვლილება ბუტაფორია იქნება”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას სთავაზობს, რომ დღეს, დღის განმავლობაში წარმოადგინონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მათთვის მისაღები კანდიდატები. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ გუშინ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.