„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პარლამენტის მიერ უსაფრთხოების სექტორზე საზედამხედველო ფუნქციების შესრულების შესახებ კვლევა წარადგინა.
არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, კვლევის მიხედვით, რამდენიმე ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა.
კერძოდ, საია-ს შეფასებით, დეპუტატები რიგ საზედამხედველო მექანიზმებს იშვიათად, ან საერთოდ არ იყენებენ. ასევე, მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრი, გენერალური პროკურორი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი კომიტეტის სხდომაზე არ მოწვეულა, მოქმედი კანონმდებლობა კი გამორიცხავს ოპოზიციის მიერ ამ ინსტრუმენტის გამოყენებას.
„თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს არ უსარგებლია დეპუტატის კითხვის მექანიზმით, ხოლო 2022 წლის საშემოდგომო სესიაზე მხოლოდ 2-მა წევრმა გაგზავნა კითხვები უსაფრთხოების თემაზე ამ სექტორის ადრესატებთან; გამოიკვეთა, რომ უსაფრთხოების თემატიკაზე კითხვებს, ძირითადად, ოპოზიციის წარმომადგენლები აგზავნიან, ხოლო ადრესატები მხოლოდ ოპოზიციის მიერ დასმულ შეკითხვებს არ სცემენ პასუხს; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს არ უსარგებლია ინფორმაციის მოთხოვნისა და თანამდებობის პირის კომიტეტის სხდომაზე დაბარების მექანიზმით, არ შეუქმნია თემატური მოკვლევის ჯგუფი; „მინისტრის საათის“ დროს, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ნაკლებად სვამენ კრიტიკულ კითხვებს და ძირითადად, მადლიერებას გამოხატავენ ანგარიშვალდებული მინისტრის მიმართ“, - აღნიშნულია საია-ს კვლევაში.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, დღეს პარლამენტს წარუდგენენ საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც კვლევაში გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებას შეეხება.
„ჩვენი მიგნებები საკანონმდებლო წინადადებად ვაქციეთ. დღეს გვინდა, რომ პარლამენტს წარვუდგინოთ საკანონმდებლო წინადადება, სადაც შევთავაზებთ ამ პრობლემების აღმოფხვრის გზებს, რომელიც ამ პროცესში დაფიქსირდა, მათ შორის არის ხარვეზები, რომელიც ცალკეული ზედამხედველობის მექანიზმების არაეფექტიან მუშაობას იწვევს. ამიტომ, ჩვენი შეთავაზებული წინადადება ხელს შეუწყობს იმას, რომ უფრო მეტად იყოს პარლამენტი აქტიური ამ პროცესში და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ იგრძნოს მეტი პასუხისმგებლობა, როდესაც საუბარია მისი საქმიანობის კონტროლზე პარლამენტის მხრიდან. ძირითადი პრობლემები შეიძლება დავაჯგუფოთ პრაქტიკის პრობლემებად, როდესაც კონკრეტული მექანიზმები არაეფექტიანად მუშაობს. მაგალითად, პარლამენტარები არ სვამენ კრიტიკულ შეკითხვებს. ეს განსაკუთრებით ეხება მმართველი ძალის მხრიდან შეკითხვების დასმას. ასევე, არის პრობლემები, რომელიც საკანონმდებლო ხასიათისაა და მას კანონში ცვლილებები სჭირდება. ამიტომ, ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ჩვენ პარლამენტს წინადადებით მივმართავთ", - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.