პარლამენტთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქცია, სახელწოდებით - „რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ“ გამართეს.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი ჰქონდათ დასარტყამი ინსტრუმენტი და ბანერები წარწერით: „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები“, „არა რუსულ მთავრობას“, „რუსული ხომალდი ევროკავშირში ვერ შეგვიყვანს“ და ა.შ.
„ჩვენ, ქართული მოსახლეობა, პოლიტიკური ჯგუფები არ დავუშვებთ რუსული კომპანიების ფრენას საქართველოში. არ დავუშვებთ, რომ რუსული ხელისუფლება და გავლენები საქართველოში გაბატონდეს, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ახლა პარლამენტში არიან, საქართველო რუსეთს ჩააბარონ და რუსული გუბერნია გახადონ. „ქართულმა ოცნებამ“ თავის საწადელს საქართველოს ევროკავშირში ვერშეყვანაზე, არ უნდა მიაღწიოს“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, ტიტე გედენიძემ.
აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებმა დღესვე, 19:00 საათზე, პარლამენტთან მორიგი აქცია დაანონსეს, სადაც კვლავ საქართველოში რუსული ავიაკომპანიების ფრენებს გააპროტესტებენ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"