ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გლობალური ფორუმის სამდივნოს ხელმძღვანელს, ზაიდა მანატას შეხვდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრას გლობალური ფორუმის ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი ჰაკიმ ჰამადი და საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინე ხურციძე დაესწრნენ.
„მხარეებმა საქართველოსა და გლობალურ ფორუმს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. კერძოდ, საუბარი შეეხო OECD-ის მიერ შემუშავებული საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში და საქართველოს მიერ ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებით, გაესვა ხაზი, 2022 წელს „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური ორგანოების მრავალმხრივ შეთანხმებაზე საქართველოს მიერთებას და აღნიშნული შეთანხმების მნიშვნელობას, გადასახადების დამალვის წინააღმდეგ ბრძოლაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველო საგადასახადო მიზნებისათვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის წევრი გახდა 2011 წელს და მას შემდეგ, წარმატებით ახორციელებს საგადასახადო სფეროში გამჭვირვალობის მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
ამის დასტურია 2016 წელს გლობალური ფორუმის შეფასებების პირველი რაუნდის ფარგლებში, საქართველოს მიერ მიღებული რეიტინგი, რომლის თანახმად საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს (რეიტინგი: „Largely Compliant”). ამასთან, 2023 წელს დაიწყო შეფასების მეორე რაუნდი, რომლითაც OECD-ის მიერ შეფასდება საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაბამისობა საგადასახადო ინფორმაციის გაცვლის განახლებულ სტანდარტთან”, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.