საქართველოს პარლამენტთან აქცია სახელწოდებით - "რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ" იმართება. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები არიან სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო მოძრაობის წევრები.
ისინი რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას აპროტესტებენ.
მათ თან აქვთ ბანერები წარწერით: "არა რუსულ მთავრობას", "რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება", "ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები". ისმის საყვირების და გონგის ხმა.
"გირჩის" წევრი, ცოტნე კობერიძე რუსეთის მხრიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას აფასებს, როგორც "უღირსობის ჯილდო".
"არ მომწონს რა ფორმითაც ჩვენ დავიმსახურეთ რუსეთისგან ეს მიმოფრენა. ჩვენ რომ კონსტრუქციულები ვყოფილიყავით, ღირსება არ დაგვეკარგა და ამის ფონზე მოეცათ პრობლემა არ მექნებოდა, მაგრამ ეს რომ უღირსობის ჯილდოა არ მომწონს. საჭიროა, რომ შეიცვალოს ხელისუფლების რიტორიკა, რისი მოლოდინიც არ მაქვს. ამიტომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება და აღდგენილი ფრენებით თუ ვინმე წავა, პირველი "ქართული ოცნება" უნდა იყოს, ვისაც ამ თვითმფრინავზე დავსვამთ და აქედან გავუშვებთ. სხვა გამოსავლის მე არ მჯერა", - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.
ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"