ბელგია F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების გაწვრთნას გეგმავს

ბელგია F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების გაწვრთნას გეგმავს

ბელგია აცხადებს, რომ მზადაა, უკრაინელ პილოტებს ამერიკულ F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებზე წვრთნები ჩაუტაროს.

გავრცელებული ინფორმაციით, F-16 თვითმფრინავების საკითხი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელგიისა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრებთან, ალექსანდრ დე კროოსა და მარკ რუტესთან შეხვედრებზე განიხილა.

„თვის დასაწყისში ჰააგაში გამართულ სამიტზე, F-16-ების საკითხი ვოლოდიმირ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დროს განიხილეს. ვთქვით, რომ მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება არ შეგვიძლია, მაგრამ შეგვიძლია პილოტების მომზადება", - ციტირებს ბელგიური გამოცემა პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმაც დაადასტურა.

"ჩვენ გვჭირდება საბრძოლო თვითმფრინავები და მადლობას ვუხდით მოკავშირეებს ამ მიმართულებით მუშაობისთვის. კერძოდ, ბელგიამაც დაადასტურა მზადყოფნა პილოტების მომზადებისთვის", - წერს ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელში.