შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ქუთაისი-სოხუმის D-500 მმ მაგისტრალურ გაზსადენზე ტექნიკურ სამუშაოებს შეასრულებს. კერძოდ, პროექტის ფარგლებში ხსენებული მაგისტრალის 36-ე - 38-ე კილომეტრებზე ახლადაშენებული გაზსადენის მოქმედ მილსადენში შეჭრის სამუშაოები განხორციელდება.
"საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ცნობით, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 17 მაისის 05:00-დან 20 მაისის 14:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ სანავარდოს, ქვიშანჭალისა და აბაშის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.
„კერძოდ, აღნიშნული შეზღუდვა შეეხება ქალაქ აბაშასა და აბაშის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: კვათანა, მაცხოვრისკარი, ნორიო, აბაშისპირი, საგვაზაო, საბოკუჩავო, სუჯუნა, ნაესაკოვო, გამოღმა კოდორი, ეწერი, გაღმა ზანათი, ძიგური, ძველი აბაშა, სეფიეთი,
ონტოფო, გაუწყინარი, პირველი მაისი, მარანი მარანჭალა, თხმელარი და სამტრედიის მუნიციპალიტეტში კი - სოფელ სანავარდოს.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.