ანდრო გოცირიძე - ახლა რუსეთი საქართველოში დაკავებულია მოქალაქეთა იმ ბაზის შექმნით, რომელიც მისი პოლიტიკისადმი ლოიალური იქნება, როგორც კი ასეთი ბაზა შეიქმნება,  რუსეთი საქართველოს ხელახალ ოკუპაციაზეც არ დაიხევს უკან

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ უსაფრთხოების სპეციალისტს, ანდრო გოცირიძეს ესაუბრა.

- ბატონო ანდრო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა პარტნიორებმა არა ერთხელ გვითხრეს, რომ „ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავების დრო არაა“, რომ რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემთხვევაში ჩვენი აეროპორტები დასანქცირდებიან, უკვე ვიცით, რომ მოსკოვი-თბილისის პირველი რეისი 17 მაისს შედგება.

რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თემაზე ბევრი ითქვა, მაგრამ თემა იმდენად აქტუალურია, რომ ახლა ის დროა რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელ პოლიტიკურ შედეგებსა და და საფრთხეებზე ვიმსჯელოთ.

საუბარი რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ჰუმანიტარულ ასპექტებზე უადგილოც კია, მიუხედავად იმისა, ქართველი ეროვნების რამდენი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში.

ხელისუფლების ოპონენტები ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, რომ ახლა როცა ევროპამ კარი ფართოდ გაგვიღო, როცა უკრაინის მხარდამჭერი ევროპა და ამერიკა მაქსიმალურად ამცირებენ რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს, ქვეყნების უმეტესობამ რუსეთს საჰაერო სივრცე დაუხურა, ჩვენი მხრიდან რუსეთისთვის საჰაერო სივრცის გახსნა არა მარტო უცნაურად გამოიყურება, არამედ, გაუგებარიც კი შეიძლება იყოს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის.

რადგან გვაქვს მოცემულობა რომ ფრენები აღდგება, კითხვას ასე დავსვამდი - რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ რა ტიპის პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით საფრთხეები შეიძლება გაუჩნდეს საქართველოს, რომელსაც გაცხადებული აქვს, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება უნდა?

- ერთი შეხედვით, ოკუპაციასთან, შემოჭრასთან, ადამიანურ მსხვერპლთან დაკავშირებული პირდაპირი საფრთხე ამ ცვლილებიდან თითქოს არ არსებობს, გარდა იმ საფრთხეებისა, რასაც სანქციების ფონზე ტექნიკურად გაუმართავი რუსული თვითმფრინავის მომსახურება შეიძლება იწვევდეს - რუსეთის მოქალაქეები ისედაც უვიზო რეჟიმით სარგებლობდნენ და საქართველოში შემოვლასაც ახერხებდნენ, მითუმეტეს, თუკი ამით კრემლი ან რუსული ძალოვანი სტრუქტურები იყვნენ დაინტერესებული.

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 21-ე საუკუნეში რუსეთი აქტიურად წარმოშობს და იყენებს ჰიბრიდულ საფრთხეებს. ყველაზე დიდი საფრთხე საქართველოსთვის ახლა რუსეთზე დამოკიდებულების ზრდა და მასთან ახალი კავშირებია. პარტნიორები ერთხმად გვაფრთხილებენ, რომ ახლა რუსეთთან დაახლოების დრო არ არის.

ყველაზე დიდი საფრთხე საქართველოსთვის ახლა რუსეთზე დამოკიდებულების ზრდა და მასთან ახალი კავშირებია. პარტნიორები ერთხმად გვაფრთხილებენ, რომ ახლა რუსეთთან დაახლოების დრო არ არის

რუსეთის პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული ველი უკიდურესად არადემოკრატიული, კორუმპირებული, ძალადობრივი და ქსენოფობიურია. რაც უფრო მეტად ვიქნებით „მიბმული“ რუსულ სამყაროსთან, მით მეტად მოგვიწევს ამ თამაშის წესების გადმოღება, ამ გარემოსთან ადაპტაცია რაც თავისთავად ნიშნავს დასავლურ უსაფრთხოების ქოლგასთან დაშორებას, იმ პირობებშიც კი, თუკი კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს მაინც გვექნება.

უსაფრთხოების ქოლგის გარეშე დარჩენილი საქართველო რამდენად „მიმზიდველი“ სამიზნეა რუსეთისთვის, ამის მაგალითები უახლეს ისტორიაში ბევრია, თუნდაც აფხაზეთის ოკუპაციის ფონზე.

ცალკე საკითხია ეკონომიკის რუსული ინიექციებით კვება და სტრატეგიული ობიექტების დამოკიდებულების ზრდა რუსულ რესურსზე ან კაპიტალზე. რუსული ხორბლის, ფქვილის, ნავთობპროდუქტების, ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა, შესაძლოა მოკლევადიან პერსპექტივაში ფინანსურად მომგებიანია და პოლიტიკურ ამოცანას უჭრის მმართველ ძალას, მაგრამ ეს ძალიან სახიფათო დამოკიდებულებას იწვევს და ქართული პოლიტიკა აუცილებლად გახდება კრემლის მძევალი.

პოლიტიკურ ჭრილში კი, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო რუსეთისაგან გამიჯვნას ცდილობს, ჩვენ დაახლოება სერიოზულ რეპუტაციულ რისკებს წარმოშობს, რაც აუცილებლად აისახება დასავლურ ინვესტიციებზე.

როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო რუსეთისაგან გამიჯვნას ცდილობს, ჩვენ დაახლოება სერიოზულ რეპუტაციულ რისკებს წარმოშობს, რაც აუცილებლად აისახება დასავლურ ინვესტიციებზე

წლებია სახელმწიფო მუშაობს რუსეთის ბაზრებზე დამოუკიდებლობის შემცირების მიმართულებით და გამოდის, რომ ამ ნამუშევარს ახლა წყალში ვყრით.

- ვიცე-პრემიერმა დავითაშვილმა თქვა, რომ საჰაერო მიმოსვლის აღდგენა რუსეთთან საქართველოს დამატებით 300-400 მილიონ მოგებას მოუტანს.

ვხედავთ, რომ მმართველი გუნდის წევრები ხშირად მსჯელობენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ეთიკაზე. იმაზე, რომ „ცალ ფეხზე არ დავდგებით“. თუმცა, გაუგებარია, ვინ გვაძალებს „ცალ ფეხზე დგომას.“

რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების მასშტაბებზე მსჯელობისას სოციალურ ქსელში ამას წინათ ერთმა ენა კვიმატიანმა იხუმრა - საქართველო „ცალ ფეხზე“ კი არ დგას, კარგა ხანია „აგრესორი და მოძალადე ქვეყნის საწოლშია“. შესაძლოა, ამგვარი შეფასება გაზვიადებულიც იყოს.

როცა პოლიტიკაზე ვმსჯელობთ, მორალზე საუბარი უადგილოც კია. ოდითგან ასე იყო და ახლაც ასეა. თუნდაც იმიტომ რომ მორალი პრაგმატულ პოლიტიკასაც არ გააჩნია.

მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ არავის გაუუქმებია ისეთი ცნება, როგორიცაა ღირსება, ან ის, რასაც ეროვნული ღირსება ჰქვია. სხვათა შორის, ეროვნული ინტერესი მაშინაა ძლიერი, როცა მას მორალური უპირატესობა გააჩნია.

ვითარებაში, როცა უკრაინაში ომი მძვინვარებს, აგრესორი რუსეთი ისე ექცევა უკრაინას, როგორც ჩვენ 90-იანი წლებიდან მოყოლებული და დღესაც, ხელისუფლების მტკიცება, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე რუსეთთან გაზრდილი გვაქვს ვაჭრობა, რის გამოც მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, აშკარად აცდენილია ქართულ ზნეობას.

იმ ლოგიკასაც რომ თავი დავანებოთ, რაზეც ვისაუბრე, რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება ხელისუფლების მტკიცება, რომ მას ქვეყანა ევროკავშირისკენ მიჰყავს?

- ამ საკითხზე ყველაზე კომპეტენტური ალბათ ევროკომისიის საგარეო საქმეთა სამსახურის განცხადებაა, რომ საქართველოს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებთან და დეკლარაციებთან შესაბამისობა ისედაც დაბალი 44%-დან 31%-მდე შემცირდა.

რაც შეეხება ზნეობას, საქმე მარტო მორალურ კატეგორიებში არ არის. ხელისუფლების ბოლო პერიოდის მოქმედებები პირდაპირ ასუსტებს ქვეყნის მდგრადობას და წარმოშობს უსაფრთხოების დამატებით რისკებს.

ცნობილია, რუსეთი ეკონომიკას, ტურიზმს, სავაჭრო ურთიერთობებს პოლიტიკური მიზნით იყენებს და ის ამ ბერკეტს ნებისმიერ საჭირო მომენტში აამოქმედებს, ამიტომ, რაც უფრო მეტად იქნება დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური ზრდა რუსულ ფაქტორზე, მით მეტია შანსი კრემლის მძევლად იქცეს ნებისმიერი მმართველი პარტიის პოლიტიკური გადაწყვეტილებები.

რუსეთი ეკონომიკას, ტურიზმს, სავაჭრო ურთიერთობებს პოლიტიკური მიზნით იყენებს და ის ამ ბერკეტს ნებისმიერ საჭირო მომენტში აამოქმედებს, ამიტომ, რაც უფრო მეტად იქნება დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური ზრდა რუსულ ფაქტორზე, მით მეტია შანსი კრემლის მძევლად იქცეს ნებისმიერი მმართველი პარტიის პოლიტიკური გადაწყვეტილებები

ამ ფონზე რიტორიკა, თითქოს ამგვარი პოლიტიკა მშვიდობას უზრუნველყოფს, მარტივად არარეალისტურია.

ახლა რუსეთს ხელ-ფეხი შეკრული აქვს უკრაინაში ომით და მას საქართველოში შემოჭრისთვის არ სცალია, თუმცა, უკრაინასთან და დასავლეთთან გართულებული ურთიერთობის და კონფრონტაციული რიტორიკის ფონზე, რუსეთის აგრესიული ქმედებების შემთხვევაში პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო დახმარების მობილიზება და კონსოლიდაცია გაჭირდება.

ის გზავნილები, რომელიც ხელისუფლების საკომუნიკაციო სტრატეგიაში ნათლად ჩანს- ომში ჩათრევა, დასავლეთის შეტევა ტრადიციებზე, სუვერენული დემოკრატიის ცნება - პირდაპირ იმეორებს რუსული სპეცსამსახურების სახელმძღვანელოს. ბუნებრივია, ჩნდება განცდა, რომ ან სახელმწიფოს კურსი შეიცვალა ან მმართველ ძალას არ აქვს ის უნარები, რომლებიც მიზნის მიღწევას უზრუნველყოფენ.

ის გზავნილები, რომელიც ხელისუფლების საკომუნიკაციო სტრატეგიაში ნათლად ჩანს- ომში ჩათრევა, დასავლეთის შეტევა ტრადიციებზე, სუვერენული დემოკრატიის ცნება - პირდაპირ იმეორებს რუსული სპეცსამსახურების სახელმძღვანელოს. ბუნებრივია, ჩნდება განცდა, რომ ან სახელმწიფოს კურსი შეიცვალა ან მმართველ ძალას არ აქვს ის უნარები, რომლებიც მიზნის მიღწევას უზრუნველყოფენ

- მიუხედავად ამისა, ჩვენი ხელისუფლება აგრძელებს საუბარს იმაზე, რომ მას ქვეყანა ევროკავშირისკენ მიჰყავს.

რადა, ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად ბევრი არც არაფერი კეთდება. რეკომენდაციების შესრულება კი არა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკოს ფორმირების წესში ისეთ ცვლილებებს დაუჭირა მხარი, რომლითაც მმართველ გუნდს ცესკოს თავმჯდომარეს ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე დაამტკიცებს.

ასეთ მძიმე ფონზე სახელისუფლებო გუნდიდან გვესმის განცხადებები იმის თაობაზე, რომ თუ აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, დააწესოს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა. თუ ევროკავშირს უნდა საქართველო გახდეს მისი წევრი, მიგვიღოს ისეთი, როგორიც ვართ და ასე შემდეგ.

დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ - გეოპოლიტიკური შანტაჟის ენა, რომელიც ხელისუფლებამ შეარჩია ზოგადად დასავლეთთან და განსაკუთრებით შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში, არ იმუშავებს“.

სავარაუდოდ, როგორ შეაფასებენ ჩვენი დასავლელი და ამერიკელი პარტნიორები იმას, რაც ჩვენთან საგარეო და საშინაო ხდება? როგორი იქნება მათი რეაქცია იმაზე, რაც თუნდაც რუსეთთან საჰაერო მიმოსვლას უკავშირდება?

- საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით შეერთებული შტატებისა და ევროკომისიის პოზიცია თანხვედრაშია: ახლა, როდესაც ყველა გაემიჯნა აგრესორს, რუსეთთან დაახლოების დრო არ არის.

ცხადია, ამის საპირწონედ მოჰყავთ არგუმენტები, რომ თითქოს დასავლეთი ისევ განაგრძობს ვაჭრობას რუსეთთან, მაშინ, როდესაც ჩვენ საპირისპიროს გვთხოვს. ეს მანიპულაციური მსჯელობაა. ცნობილია, რომ როგორც აშშ-ის, ასევე ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან მინიმუმ ორჯერ შემცირდა, ენერგოდამოკიდებულება კი ფაქტობრივად აღმოიფხვრა.

არგუმენტები, რომ თითქოს დასავლეთი ისევ განაგრძობს ვაჭრობას რუსეთთან, მაშინ, როდესაც ჩვენ საპირისპიროს გვთხოვს. ეს მანიპულაციური მსჯელობაა. ცნობილია, რომ როგორც აშშ-ის, ასევე ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან მინიმუმ ორჯერ შემცირდა, ენერგოდამოკიდებულება კი ფაქტიურად აღმოიფხვრა

დასავლეთის რეაქცია, ვითარებიდან გამომდინარე, მრავალგვარი შეიძლება იყოს, დიპლომატიური დემარშით დაწყებული სანქციებით დასრულებული, თუმცა ერთი ამ ეტაპზევე ნათელია - ფრენების აღდგენა საქართველოს დასავლეთთან დაახლოებას ხელს არ შეუწყობს.

ხელისუფლება ხშირად იმეორებს, რომ ეს რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებაა და ის ვერ იქნება ამაზე პასუხისმგებელი. ბუნებრივია ეს ასეა, მაგრამ ხომ შეგვიძლია მისასალმებელი და მხოლოდ კრემლისთვის მისაღები რიტორიკით მაინც არ დავაზარალოთ პარტნიორებთან ისედაც გართულებული ურთიერთობა და დამატებით არ წავახალისოთ პოლარიზაცია?

გულუბრყვილობაა იმის ვარაუდი, რომ აგრესიის პიკზე მყოფმა კრემლმა ამგვარი ნაბიჯი ქართული დიასპორაზე ზრუნვით გადადგა. ბუნებრივია, ეს რუსული რბილი ძალის ელემენტია. თუკი ამას აცნობიერებს, მაშინ პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება პარტნიორებთან გაძლიერებული კონსულტაციების რეჟიმში უნდა მოქმედებდეს, აძლიერებდეს თავდაცვას და მინიმუმ, კონფრონტაციულ რიტორიკას მაინც არ უნდა აჟღერებდეს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც მისი უსაფრთხოების გარანტები არიან.

ახლა კი, საინფორმაციო ველს თუ გადავხედავთ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ყველა მოვლენას მხოლოდ დასავლეთის დისკრედიტაციისთვის იყენებს. ბუნებრივად იბადება შეკითხვა, რას მიიჩნევს იგი საქართველოსთვის მისაღებ უსაფრთხოების გარემოდ?

საინფორმაციო ველს თუ გადავხედავთ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ყველა მოვლენას მხოლოდ დასავლეთის დისკრედიტაციისთვის იყენებს. ბუნებრივად იბადება შეკითხვა, რას მიიჩნევს იგი საქართველოსთვის მისაღებ უსაფრთხოების გარემოდ?

- გასულ კვირას ერთი შეხედვით უცნაური განცხადება გააკეთა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ვგულისხმობ იმ განცხადებას, როცა ქვეყნის საფრთხეებზე საუბრისას, მინისტრმა ბურჭულაძემ ქვეყნის მთავარ საფრთხედ ლიბერალიზმი დაასახელა. ამავე კონტექსტში მან ბევრი სხვა რამეც თქვა. ალბათ უფრო გასაგები იქნებოდა თუ იმას, რაც მან თქვა, მმართველი გუნდის ლიდერები იტყოდნენ.

მხედველობაში მაქვს ის, რომ ევროსოციალისტებიდან გამოსული „ქართული ოცნება“ კონსერვატიული პარტიაა და შესაბამისად, იგი ევროპაში ევროპელ კონსერვატორებთან მოძებნის მისასვლელ გზებს.

ბატონ ბურჭულაძის განცხადება იმ თვალსაზრისით იყო უცნაური, რომ წესით იმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, რომლის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს, იდეოლოგიურ საკითხებზე კი არა, თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებზე და საფრთხეებზე უნდა საუბრობდეს.

რაც შეეხება სახელისუფლებო გუნდის კონსერვატიზმს. როგორც ევროპელი, ისე ამერიკელი და ბრიტანული კონსერვატორების კონსერვატიზმი ლიბერალიზმზე დგას. თუ შეიძლება ასე ითქვას, მათი ლიბერალიზმი კონსერვატიულია.

ასეთი ტიპის „კონსერვატიულმა უნგრეთმა“ ამას წინათ ევროკავშირში უკრაინისთვის განკუთვნილი 500 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი დაბლოკა.

ამას რომ თავი დავანებოთ, თუ ბატონი ბურჭულაძე ლიბერალიზმს საფრთხედ მიიჩნევს, გამოდის რამშტაინის შეხვედრებში მონაწილე ქვეყნების მინისტრები საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

სხვათა შორის, სწორედ ჩვენი ევროპელი, ამერიკელი და ბრიტანელი ლიბერალი პარტნიორების დამსახურებაა ის, რომ რუსეთის გარდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ არავის უღიარებია.

ახლა როცა, ნატოს კარი საქართველოსთვის ლამის ღიაა, თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა მინისტრ ბურჭულაძის იდეოლოგიურმა „გატაცებებმა“ ? ამ განცხადებით რა უთხრა მან რამშტაინელ კოლეგებს და სავარაუდოდ, რა რეაქცია ექნებოდათ მათ?

- თავდაცვის მინისტრი პოლიტიკური პირია და მას ამგვარი განცხადების გაკეთების უფლება აქვს. სხვა საკითხია, რამდენად თავსებადია ლიბერალიზმის საფრთხედ შერაცხვა დეკლარირებულ დასავლურ კურსთან, რომლის ერთ-ერთი ფლაგმანი წლების მანძილზე ყოველთვის იყო თავდაცვის სამინისტრო.

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე გადის, სწორედ ამიტომ, თავდაცვის სამინისტრო, თავდაცვის ძალები დიდწილად დიპლომატიურ მისიასაც კისრულობდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკია და ინტეგრაციის გზა მის როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკურ იდეალებთან თავსებადობას გულისხმობს.

ამდენად, პრობლემა გაცილებით უფრო ღრმაა - საქართველოს ხელისუფლების წარმოდგენა ლიბერალიზმზე, დემოკრატიაზე, დასავლურ ცხოვრების წესზე პირდაპირ ჯდება რუსულ ჩარჩოში: დასავლეთი ებრძვის ქართულ ტრადიციულ მართლმადიდებლურ წყობას, ცდილობს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას და საქართველოს ომში ჩათრევას.

პრობლემა გაცილებით უფრო ღრმაა - საქართველოს ხელისუფლების წარმოდგენა ლიბერალიზმზე, დემოკრატიაზე, დასავლურ ცხოვრების წესზე პირდაპირ ჯდება რუსულ ჩარჩოში - დასავლეთი ებრძვის ქართულ ტრადიციულ მართლმადიდებლურ წყობას, ცდილობს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას და საქართველოს ომში ჩათრევას

ეს მესჯები იდენტურია ყველგან, სადაც ხელისუფლება კონსერვატიზმის საფარქვეშ რუსეთთან სიტუაციის დალაგებით მუდმივად ძალაუფლებაში ყოფნას მიელტვის, რადგან ამგვარი პოლიტიკური დისპოზიცია მხოლოდ რუსულ სამყაროშია მისაღები.

სავალალო განსხვავება ერთია - უნგრეთი, თურქეთი, სადაც ასეთი მესიჯბოქსი ასევე პოლიტიკური ბენეფიტებისთვისაა გამოყენებული, ევროკავშირისა ან/და ნატოს წევრები არიან, მათ რუსეთისგან უახლოეს მომავალში ეგზისტენციალური საფრთხე არ ემუქრებათ.

პირიქით, რუსეთის დასუსტების პირობებში თურქეთმა სამხრეთ კავკასიაში ბალანსი აზერბაიჯანის სასარგებლოდ შეცვალა და მასთან პირდაპირი გზის გაჭრა შეძლო, ხოლო ჩრდილოკავკასიასა და სავარაუდოდ ყირიმშიც საკუთარი გავლენებისა და ინტერესების რეალიზაციას ახდენს.

რუსულ რიტორიკას აყოლილი საქართველო პრაქტიკულად მარტო დარჩება რუსეთთან, რადგან ერთადერთი, რაც საქართველოს დასავლური სამყაროს ნაწილად აქცევს, შემდგარი დემოკრატიული სახელმწიფოა. სწორედ ამას ებრძვის წლებია რუსეთი და სამწუხაროდ, ახლა ჩვენც, უკვე სახელისუფლებო დონეზე.

რუსულ რიტორიკას აყოლილი საქართველო პრაქტიკულად მარტო დარჩება რუსეთთან, რადგან ერთადერთი, რაც საქართველოს დასავლური სამყაროს ნაწილად აქცევს, შემდგარი დემოკრატიული სახელმწიფოა. სწორედ ამას ებრძვის წლებია რუსეთი და სამწუხაროდ, ახლა ჩვენც, უკვე სახელისუფლებო დონეზე

- საუბრის დასაწყისში ახალ რეალობაში საქართველოს საფრთხეების თემას შევეხეთ. რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ფონზე რომ თემა მრავალ ასპექტიანი და აქტუალურია, ცხადზე უცხადესია.

ამ თემებზე ჩვენ ადრეც გვისაუბრია და თქვენ ერთხელ ბრძანეთ - „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ რუსული მეხუთე კოლონის სისუსტემ განაპირობა რუსულისპეცოპერაციისჩავარდნა უკრაინაში“.

რადგან საქართველოში მცხოვრები რუსი მოქალაქეების რიცხვი მატულობს, საჰაერო მიმოსვლის დაწყების შემდეგ იგი გაიზრდება, ცხადია, რომ საფრთხე კიდევ უფრო მოიმატებს.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ჩამოსულთაგან უმეტესობას თავად არ უნდა სიკვდილი, მაგრამ თავადაც იმაზე ოცნებობენ, რასაც რუსული პროპაგანდა, ანუ, მათ არაფერი საწინააღმდეგო არ ექნებოდათ, თუ მოსკოვი ვარშავასაც დაბომბავდა, ჟენევას, პარიზსაც და ლონდონსაც, ფაქტია რომ საფრთხე აშკარად რეალურია.

ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებისგან მათი ქვეყანაში ყოფნის ერთ თვემდე, ან სამ თვემდე დაყვანას მოითხოვს, მაგრამ ამაოდ.

რა ტიპის საფრთხეები შეიძლება შეექმნას ქვეყანას საქართველოში რუსეთის მოქალაქეების სიმრავლის გამო?

- რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინებიდან მომდინარე დივერსიულ, სადაზვერვო თუ სამხედრო საფრთხეებზე არაერთხელ გვისაუბრია. იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი უსაფრთხოების სისტემა ამგვარ მისწრაფებებზე ადეკვატურად რეაგირებს.

თუ ამ მიგრაციულ პროცესს ჰიბრიდული საფრთხეების პრიზმაში შევხედავთ, ბუნებრივია, წინა ხედზე გამოდის ქართული მცირე ბიზნესის რუსულ ინიექციებზე მიბმის საფრთხე, რაც არასტაბილურობის დიდ მუხტს შეიცავს.

- როგორც კი გახდა ცნობილი რომ რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლაზე აღდგება, რუსულმა მედიამ დაიწყო ინფორმაციების გავრცელება აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გავლით რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის აუცილებლობაზე.

თემა საკმაოდ ძველია. შევარდნაძის და შემდეგ სააკაშვილის მმართველობის პერიოდებშიც აქტიურად განიხილებოდა რკინიგზის აღდგენის საკითხი, მაგრამ იმის გამო, რომ იგი უამრავ ტექნიკურ და პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება, ეს ვერ მოხერხდა.

სხვათა შორის, ათიოდე დღის წინ სოხუმმა პირველად გამოთქვა მზადყოფნა ოფიციალურად დაიწყოს ვაჭრობა საქართველოსთან. ენგურის მეორე მხარეს duty free-ს პრინციპით ვაჭრობა კარგა ხანია დაწყებულია.

ვითარებაში, როცა ტვირთნაკადები გაიზრდება, არაა გამორიცხული აფხაზურმა მხარემ ენგურზე არა მარტო საკონტროლო-გამშვები, არამედ საბაჟო პუნქტის გახსნა მოინდომოს. რუსეთიდან აფხაზეთში ტვირთების აღრიცხვა შვეიცარიულ კომპანიას უნდა დაეწყო, მაგრამ ეს პროცესი რომ არ დაწყებულა, ვიცით.

თუ რუსებმა მოინდომეს აფხაზეთზე რკინიგზის გახსნა, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ფსოუს საზღვარმა ენგურზე „გადმოიწიოს“?

- პროცესები, რომელიც ახლა საქართველოს გარშემო მიმდინარეობს, არ არის რუსული მხარის სპონტანური გადაწყვეტილებების შედეგი. კრემლი უკრაინაში მარცხის კომპენსაციას საქართველოში ცდილობს და რადგან სამხედრო პოტენციალის გაფანტვა ამ ეტაპზე არ აწყობს, ცდილობს საქართველო საკუთარ ორბიტაზე რბილი ძალით დააბრუნოს, რომ საჭიროების შემთხვევაში ოკუპაციას ფართომასშტაბიანი ომი კი არ დასჭირდეს, არამედ „სპეციალური ოპერაცია“, როგორც ეს უკრაინაში იყო დაგეგმილი.

ფრენების აღდგენაც და სავიზო რეჟიმის გაუქმებაც ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ - თავისთავად ეს მოვლენა პირდაპირი საფრთხის შემცველი შეიძლება არც იყოს, მაგრამ სწორედ აქედან მოდის ოკუპირებული ტერიტორიების „დაბრუნების“ ილუზია, რომლის კულტივაციასაც რუსული სპეცსამსახურები ახდენენ.

ამ მიმართულების გასაძლიერებლად შესაძლოა რუსეთმა მართლაც გადადგას რამდენიმე „ნახევარნაბიჯი“, გამოიჩინოს ინიციატივა მედიატორობის ან სამშვიდობო მისიის აღდგენისა. ასეთ ინიციატივის მიმღებლობას კი რუსულ სამყაროსთან საქართველოს მოქალაქეთა „დაახლოება“, ეკონომიკური, ენერგეტიკული დამოკიდებულების ზრდა და ზოგადად, ოკუპანტის მიმღებლობის, მასთან დიალოგის რეჟიმში ყოფნის ილუზია სჭირდება.

სწორედ ამას ემსახურება ტურისტული ნაკადების ზრდა, კრემლის პროპაგანდისტების წამახალისებელი რიტორიკა, ანტიდასავლური რიტორიკის გაძლიერება, მანიპულაციური გამოკითხვები მშვიდობის მნიშვნელობასა და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე.

პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლებას ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ რუსეთს საქართველოს მიმართ აგრესიული პოლიტიკა არ შეუცვლია და ის არც პირადი სიმპათია-ანტიპათიით მოქმედებს. ახლა რუსეთი საქართველოში დაკავებულია მოქალაქეთა იმ ბაზის შექმნით, რომელიც მისი პოლიტიკისადმი ლოიალური იქნება.

პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლებას ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ რუსეთს საქართველოს მიმართ აგრესიული პოლიტიკა არ შეუცვლია და ის არც პირადი სიმპათია-ანტიპათიით მოქმედებს. ახლა რუსეთი საქართველოში დაკავებულია მოქალაქეთა იმ ბაზის შექმნით, რომელიც მისი პოლიტიკისადმი ლოიალური იქნება

როგორც კი ასეთი ბაზა ფორმირდება და მას პოლიტიკურად ანგარიშგასაწევი წარმომადგენლობა ეყოლება (უკრაინაში რუსულმა სპეცსამსახურმა სწორედ ეს ვერ შეძლო და ამის გამო გადაეზარდა სპეცოპერაცია ფართომასშტაბიან ომად), იგი ხელახალ ოკუპაციაზეც არ დაიხევს უკან.

სწორედ ამგვარი ბაზის ფორმირებას მოემსახურება ახლა საქართველოში რუსული ძალების მიერ წამოწეული თემა ოკუპირებული ტერიტორიების „დაბრუნების“ თაობაზე.

იძულებით გადაადგილებულ პირთა და ნებისმიერი მოქალაქისთვის, ცხადია ეს თემა ძალიან მგრძნობიარეა: ხალხს იქ მიტოვებული სახლები, საფლავები, ცხოვრების დიდი ნაწილი ელოდება და მათი შეცდომაში შეყვანა ამ აქცენტებით კრემლს და მასთან დაკავშირებულ ძალებს შედარებით მარტივი ჰგონიათ.

საქართველოს ერთადერთი ხსნა დასავლეთთან ფორსირებული ინტეგრაციაა, რომ უსაფრთხოების ქოლგის პარამეტრები მანამ შეთანხმდეს და გააქტიურდეს, სანამ კრემლს უკრაინაში ხელ-ფეხი აქვს შეკრული

საბედნიეროდ, საქართველოს მოქალაქეები რუსეთთან ბრძოლაში გავიზარდეთ, თავისუფლების ფასი ვიცით და ყოველი ამგვარი ქმედება დასავლური ინტეგრაციის მომხრეთა რიცხვს ზრდის. ბუნებრივია, თუკი რუსეთი დანარჩენ საქართველოს მიიერთებს, მნიშვნელობა არ აქვს ეს რა ფორმით მოხდება, ოკუპირებული ტერიტორიები „დაგვიბრუნდება“ და რუსული ჯარის ზედამხედველობის ქვეშ „მშვიდობიანად“ ვიცხოვრებთ, ეროვნული მოძრაობის მომავალ გააქტიურებამდე, როგორც ეს საბჭოთა კავშირში ხდებოდა.

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ამ გადამწყვეტ მომენტში პარტნიორებთან ურთიერთობების გარკვევის გზა აირჩია და ამას დასავლეთის იმიჯის უკიდურესი დაზიანების მცდელობებით ახორციელებს

ამგვარი „მშვიდობა“ საქართველოს ათიათასობით დაღუპულად დაუჯდა რეპრესიებისა თუ რუსეთის მიერ საჭიროებისამებრ გაჩაღებული ომების მსხვერპლთა სახით.

ამ პირობებში საქართველოს ერთადერთი ხსნა დასავლეთთან ფორსირებული ინტეგრაციაა, რომ უსაფრთხოების ქოლგის პარამეტრები მანამ შეთანხმდეს და გააქტიურდეს, სანამ კრემლს უკრაინაში ხელ-ფეხი აქვს შეკრული.

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ამ გადამწყვეტ მომენტში პარტნიორებთან ურთიერთობების გარკვევის გზა აირჩია და ამას დასავლეთის იმიჯის უკიდურესი დაზიანების მცდელობით ახორციელებს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა