ძალაუფლების შესანარჩუნებლად „ქართული ოცნება" უარს ამბობს სასამართლო სისტემაში სანქცირებული მოსამართლეების დანაშაულებრივი გავლენების აღმოფხვრაზე და საკანონმდებლო დონეზე იმორჩილებს ცესკოს - ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაუქმების და დაქვემდებარების პროცესის გაგრძელება, რაც "ქართულმა ოცნებამ" დიდი ხანია დაიწყო, - აღნიშნული განცხადება პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა გააკეთა.
დაუშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვას ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტად სასამართლოს და ცესკოს გამოყენებაზე, ასევე შეწყვიტოს კანდიდატის სტატუსისთვის საფრთხის შექმნა, შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია და ევროკავშირის 12 პუნქტი.
პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატი მმართველ გუნდს მიმართავს, განიხილოს ინიციატივა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილების ორმაგი 2/3-ით მიღებაზე და შექმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია.
"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმა ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაცია და კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობაა. საბჭოს გარდაქმნის გარეშე სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა ვერ მიიღწევა.
ამ ფონზე, ხელისუფლებამ უარი თქვა ყველა ცვლილებაზე, რაც საბჭოს უკავშირდება. მათ შორის უარი თქვა ჩვენს ინიციატივაზე შემოღებული იქნეს საბჭოში გადაწყვეტილების ორმაგი 2/3-ით მიღების წესი, რაც პირდაპირ განაპირობებს იუსტიციის საბჭოში გავლენის ჯგუფის ძალაუფლების დეკონცენტრაციას.
აღნიშნულის პარალელურად "ოცნება" ახლა უკვე საკანონმდებლო დონეზე იმორჩილებს ცესკოს, რომელიც სასამართლოსთან ერთად, არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელოვანი გარანტი უნდა იყოს. იცავს სანქცირებულ მოსამართლეებს და უარს ამბობს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მათი კორუფციული ფაქტების გამოსავლენად", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"