ოპოზიციონერი დეპუტატები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გააუქმოს მისი თანხმობა რუსეთთან ორმხრივ ფრენებზე

ოპოზიციონერი დეპუტატები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გააუქმოს მისი თანხმობა რუსეთთან ორმხრივ ფრენებზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში ერთობლივი პრესკონფერენციაზე გამართეს თეონა აქუბარდიამ, ანა ნაცვლიშვილმა, ხათუნა სამნიძემ, ანა ბუჩუკურმა და ხატია დეკანოიძემ.

როგორც თეონა აქუბარდიამ განაცხადა, საქართველოს მთავრობა კრემლისგან იღებს საჩუქარს და ამით აშორებს საქართველოს ევროპულ მომავალს, საფრთხეს უქმნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

"იმავდროულად ხელისუფლება აძლიერებს ანტიდასავლურ რიტორიკას და გუშინდელი განცხადებები "ქართული ოცნების" ლიდერის, სხვა არაფერია თუ არა მცდელობა, დამატებით იზოლაციაში მოაქციოს საქართველო დასავლეთისგან და ამით გააძლიეროს რუსული გავლენები. ქალი დეპუტატები ვგმობთ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ფრენებთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ არის საფრთხის შემცველი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის,"- განაცხადა აქუბარდიამ.

ევროინტეგრაციის მიმართულებით შექმნილ საფრთხეზე საუბრობს ანა ნაცვლიშვილიც და აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება უდიდესი დარტყმის ქვეშ აყენებს როგორც საქართველოს უსაფრთხოებას, ასევე ევროინტეგრაციას.

"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს მისი მხრიდან თანხმობა პირდაპირ ფრენებზე. მართალია უვიზო რეჟიმის შემოღება არის რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება, მაგრამ პირდაპირი ფრენების აღდგენა არის ორმხრივი გადაწყვეტილება და ამას საქართველოს მთავრობის თანხმობა არ უნდა ჰქონდეს. შეუძლებელია ქვეყანა ერთი მხრივ მიისწრაფოდეს ევროპისკენ, რაზეც ოფიციალური განაცხადი აქვს გაკეთებული და მეორე მხრივ დგამდეს ნაბიჯებს, რომ დაბრუნდეს რუსეთის ორბიტაზე. ამიტომ ეს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. სხვა შემთხვევაში მუშაობა და ილუზიის შექმნა, რომ თითქოს 12 პუნქტი სრულდება, იქნება ფარსი", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

"ქართული ოცნების" მხრიდან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟირებაზე საუბრობს ხათუნა სამნიძე და აცხადებს, რომ მშვიდობა და უსაფრთხოება სწორედ ევროინტეგრაციას უკავშირდება, რასაც საფრთხე ექმნება.

"ეს გადაწყვეტილება არის ჩვენი ევროპული სტატუსის საბოტაჟირება. ყველა გამოკითხვა აჩვენებს და "ქართულმა ოცნებამაც" კარგად იცის, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა უკავშირდება ჩვენს ევროპულ მომავალს, უსაფრთხოება და სტაბილურობა უკავშირდება ევროპულ მომავალს, ასეთ ვითარებაში რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავება და პირდაპირი ფრენები არის საბოტაჟირება ევროპული მომავლის. პუტინის გადაწყვეტილება არ უკავშირდება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას, მიზანი არის რუსული გავლენების გაძლიერება ქვეყანაში და როცა ასეთ პოლიტიკას მიესალმება ხელისუფლება, ის ქმნის დასტურს, რომ იყოს რუსული ხელისუფლების გაგრძელება ამ ქვეყანაში და მთელი მისი რიტორიკა იყოს კრემლისტური,"- განაცხადა სამნიძემ.

ხატია დეკანოიძის თქმით, მათ მოთხოვნას უერთდებიან სხვა ოპოზიციონერი კოლეგებიც.

"საქართველოს მოქალაქეები ღარიბდებიან და რუსეთის მოქალაქეები მდიდრდებიან საქართველოში, მათ უიაფდებათ ჩვენს ქვეყანაში გადაადგილებაც და ახლა შეექმნათ ზუსტად ოკუპანტებს ის კომფორტი, რომელიც დაუშვა ხელისუფლებამ, კომფორტი მათ შორის არასტანდარტული უსაფრთხოებით გათვალისწინებული ავიამიმოსვლის გათვალისწინებით. ამიტომ ჩვენ და ჩვენი კოლეგები ვინც აქ არ არიან, ჩვენ ხელს ვაწერთ და ვუერთდებით მოთხოვნას, რომ შეწყდეს და აიკრძალოს საქართველოს მხრიდან ავიამიმოსვლა", - განაცხადა დეკანოიძემ.

კანდიდატის სტატუსის საბოტაჟად აფასებს საქართველოს ხელისუფლების განცხადებებსა და ქმედებებს ანა ბუჩუკურიც.

"იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომ რაც დრო გადის უფრო ანტიდასავლურ რიტორიკას აწარმოებს ხელისუფლება და რუსეთის საჩუქარს მიესალმება, ეს არის მიზანმიმართული საბოტაჟი ქვეყნის ევროპული მომავლის", - განაცხადა ბუჩუკურმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო