საერთაშორისო ტურ ოპერატორი Pegas touristik-ი ზაფხულის სეზონს სიახლეებით და მრავალფეროვანი ტურპაკეტებით ხვდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ Pegas touristik Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა სალომე ბერაიამ განუცხადა, ქართველ დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ საინტერესო ტურებით როგორც თურქეთის, ისე ეგვიპტის მიმართულებით.
„წელს განსაკუთრებით აქტუალური ეგვიპტის და თურქეთის მიმართულება იქნება. წითელ ზღვაზე შარმ-ელ-შეიხის ულამაზესი სანაპიროები და სასტუმროები ელოდება ქართველ დამსვენებლებს, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე კი ანტალიის რეგიონი უმასპინძლებს ჩვენს მომხმარებლებს. Pegas touristik-ი დამსვენებლებს ულტრა, All inclusive პაკეტებს სთავაზობს, რაც გულისხმობს ავიაგადაფრენას გადაჯდომის გარეშე, პირდაპირი ჩარტერული რეისებით, სასტუმროში განთავსებას იმდენი ღამით, რამდენითაც თავად დამსვენებლებს სურთ, ტრანსფერს და რა თქმა უნდა, სამოგზაურო დაზღვევას. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ტურპაკეტები ნებისმიერი ბიუჯეტის მქონე ადამიანზეა გათვლილი - დამსვენებლებს შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ, როგორც დაბალბიუჯეტიან ტურებზე, ისე შეარჩიონ მაღალი დონის სასტუმროები, რა შემთხვევაშიც ფასები რა თქმა უნდა, უფრო მეტია. რაც მთავარია, ერთი მხრივ ბიუჯეტური და ეკონომიური ტურის დაგეგმვა, მეორე მხრივ კი მაღალი ხარისხის მომსახურების მიღება შესაძლებელია ორივე - როგორც ეგვიპტის, ისე თურქეთის მიმართულებით იმის მიხედვით, რა სურს თავად დამსვენებელს - მაგალითად, თუ სურთ უფრო მეტად სათავგადასავლო ტურები, როგორიცაა პილიგრიმული ტური, სინას მთაზე ასვლა, ასევე კაიროში პირამიდების დათვალიერება, არჩევანი შარმ-ელ-შეიხზე უნდა გააკეთოს, ისე როგორც ეს ქალაქი სახელგანთქმულია ულამაზესი წყალქვეშა სამყაროთი და „დაივინგით“, რა სიამოვნებაც ყველამ უნდა გამოცადოს.
რაც შეეხება თურქეთის მიმართულებას, ანტალიის რეგიონი ყოველთვის ნომერ პირველი იყო ქართველი დამსვენებლებისთვის იქიდან გამომდინარე, რომ ფრენა მხოლოდ 2-საათიანია, მომსახურების დონე მაღალი, ტურები კი ძალიან საინტერესო. შესაძლებელია მომხმარებლებისთვის როგორც სათავგადასავლო პაკეტის შეთავაზება, ისე შეგიძლიათ უბრალოდ სანაპიროზე გაირუჯოთ, არაფერი გააკეთოთ და არდადეგები სრულ ნეტარებასა და განტვირთვაში გაატაროთ“, - აცხადებს სალომე ბერაია.
მისივე განმარტებით, ჩარტერული რეისები თურქეთის მიმართულებით თითქმის ყოველდღიურად შესრულდება, ეგვიპტეში კი კვირაში ერთი რეისი განხორციელდება. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა ექნებათ შარმ-ელ-შეიხში ერთი და ორკვირიანი ტურები დაგეგმონ.
„Pegas touristik-ის ტურების შესაძენად საქართველოში მოქმედ ნებისმიერ ტურისტულ სააგენტოს შეგიძლიათ მიმართოთ და დასვენება უკვე თქვენი სურვილის მიხედვით, საკუთარ ფინანსებს და მოთხოვნებს მოარგოთ“, - განმარტავს Pegas touristik-ის გენერალური დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ ეგვიპტე სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით არასეზონურია და მის კურორტებზე გამგზავრება ქართველ დამსვენებლებს წლის ნებისმიერ დროს შეუძლია. როგორც სალომე ბერაია დამსვენებლებს არწმუნებს, იმის გამო, რომ შარმ-ელ-შეიხი ნაკლებად ტენიანია, ზაფხულშიც კი მაღალი ტემპერატურა შემაწუხებელი არ არის.
„მეტიც, საღამოს საათებში გრილა კიდეც. ასე რომ, ეგვიპტეში დამსვენებლებს ზაფხულში ცხელი დღეები და გრილი საღამოები დახვდებათ“, - აღნიშნავს სალომე ბერაია.