საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე აფიონ კოჩატეპეს უნივერსიტეტის (თურქეთი) პროფესორი, დოქტორი ტანერ კავასი და ღაზის უნივერსიტეტის (ანკარა, თურქეთი) ასისტენტ-პროფესორი ურ არაბაჯი წაიკითხავენ ლექციებს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მათივე ცნობით, მეცნიერები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში ეწვივნენ.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი თამარ ლოლაძე აცხადებს, აფიონ კოჩატეპეს უნივერსიტეტისა და ღაზის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ფაკულტეტის დეკანისა და პროფესორ-მასწავლებლების შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საკითხები.
„აფიონ კოჩატეპეს უნივერსიტეტის წარმომადგენლების ინტერესის სფეროებია კერამიკა, გეოპოლიმერი, მინა და სამრეწველო ნარჩენების მასალების გადამუშავება, ხოლო ღაზის უნივერსიტეტი დაინტერესებულია მეტალურგიით. შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხებზე იყო საუბარი. სტუმრებს აინტერესებთ კვლევები, რომლებსაც ვატარებთ. სტუდენტებთან სალექციო თემები კი მოიცავს მასალათა ისეთი სისტემების განხილვას, როგორიცაა, კერამიკა, ლითონები, პოლიმერები, კომპოზიტები, მათი ძირითადი მახასიათებლები რეალური, თანამედროვე მაგალითებით. ასევე: სამსხმელო ცეცხლგამძლე მასალები და მათი გამოყენება კალციტის წარმოებისას; მინის სისტემების სინთეზი - რადიაციისგან დაცვა; ნახშირბადის დამჭერი სამრეწველო მასალები; გლობალური დათბობის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. პროფესორ ტანერ კავასის და ასისტენტ-პროფესორ ურ არაბაჯის ლექციები ძირითადად გათვალისწინებულია მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის კვლევები, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი ამ ორი, აფიონ კოჩატეპეს და ღაზის უნივერსიტეტთან ერთად გეგმავს“, - განაცხადა თამარ ლოლაძემ.