პედიატრების განცხადებით, რიგ სამედიცინო დაწესებულებაში, ჩუტყვავილით და ქუნთრუშით ინფიცირებული ბავშვების მიმართვიანობა გაიზარდა

რიგ სამედიცინო დაწესებულებაში, ჩუტყვავილით და ქუნთრუშით ინფიცირებული ბავშვების მიმართვიანობა გაიზარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პედიატრმა, მედიცინის დოქტორმა თამარ ობგაიძემ განუცხადა, მატება მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი.

პედიატრის განმარტებით, ჩუტყვავილა გამოწვეულია ჰერპესის ჯგუფის ვირუსით, მისთვის დამახასიათებელია მრავალფეროვანი ტიპის, განსაკუთრებით ბუშტუკოვანი გამონაყარი, ქავილი და ტემპერატურა. რაც შეეხება ქუნთრუშას, პედიატრის ინფორმაციით, მისი გამომწვევია A-ჯგუფის β-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი, რომელსაც ჰაერწვეთოვანი გზით გადამდებლობა ახასიათებს.

„პირადი მაგალითით, ჩვენი კლინიკის გათვალისწინებით, შემიძლია გითხრათ, რომ ჩუტყვავილა და ქუნთრუშა გავრცელებულია. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს აქვს მონაცემები, თუ რა ხდება ქვეყანაში. ჩვენს კლინიკაში, პედიატრებთან მომართვიანობა გაზრდილია. წინა წლებში ასეთი სტატისტიკა არ გვქონდა. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, სხვა კლინიკებშიც არის შემთხვევები.

ორი ინფექცია იპყრობს დღეს ყურადღებას, კერძოდ ჩუტყვავილა და ქუნთრუშა, რომელთა რაოდენობამ მართლაც მოიმატა. ჩუტყვავილა ვირუსული ინფექციაა და მისი აფეთქებები რეალურად წლის განმავლობაში პერიოდულად ხდება ხოლმე, ამაში საოცარი არაფერია.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს მატება მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის არ არის დამახასიათებელი. გასული წლის შემოდგომიდან, მთელ რიგ ევროპულ ქვეყანასა და შეერთებულ შტატებში სტეპტოკოკური ფარინგიტის და ქუნთრუშას შემთხვევები დაფიქსირდა. ეს ასახულია ჯანმო-ს სტატისტიკასა და რეკომენდაციებში.

ჩუტყვავილის და და ქუნთრუშას დროს განსაკუთრებით ავადობენ ადრეული ასაკის ბავშვები. ქუნთრუშა დაახლოებით 15 წლამდე ასაკშიც შეიძლება შეგვხვდეს. ორივე მათგანისთვის დამახასიათებელია გამონაყარით მიმდინარე დაავადება, თუმცა სრულიად განსხვავებულია ორივე შემთხვევა.

ჩუტყვავილა გამოწვეულია ჰერპესის ჯგუფის ვირუსით. მისთვის დამახასიათებელია მრავალფეროვანი ტიპის, განსაკუთრებით ბუშტუკოვანი გამონაყარი, ქავილი და შესაძლოა იყოს ტემპერატურაც. დაავადების ჩამთავრება 1 კვირის ვადაში ხდება. საინტერესოა ის, რომ ჩუტყვავილა გადამდებია გამონაყარის განვითარებამდე 2 დღით ადრე.

რაც შეეხება ქუნთრუშას, აქ ვითარება სხვაგვარად არის. მისი გამომწვევია A-ჯგუფის β-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი, რომელსაც ახასიათებს ჰაერწვეთოვანი გზით გადამდებლობა. ის ასევე გადამდებია, თუ ჭრილობა დაბინძურებულია და ვეხებით. სტრეპტოკოკით გამოწვეულია არამარტო ქუნთრუშა, არამედ სტრეპტოკოკული ფარინგიტი, ხახის დაზიანება და ანთება. მას ახასიათებს კანის ინფექციური დაავადებაც, ცხელება, შესაძლოა გამოხატული იყოს ყელის ძლიერი ტკივილი, გამონაყარი. ჩუტყვავილასგან განსხვავებით, აქ გამონაყარი სხვაგვარია. წითელი კანის ფონზე წვრილი გამონაყარით ხასიათდება, ასევე დამახასიათებელია „ხანძარი ხახაში“. ძლიერი სიწითლე, ჩირქოვანი ნადები, ლიმფური კვანძების შეშუპება და გადიდება. ვინაიდან ჩუტყვავილასგან განსხვავებით ბაქტერიულია, აქ აუცილებლად ინიშნება ანტიბიოტიკო თერაპია, რომელიც 10 დღის ვადაში გრძელდება. უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ანტიბიოტიკის პირველი დოზის მიღება ხდება, პირი 24 საათის შემდეგ გადამდები აღარ არის“, - აღნიშნა პედიატრმა.

მან რეკომენდაციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც ბავშვს გამონაყარი და ტემპერატურა აქვს, მშობელმა ის ბაღსა და სკოლაში არ უნდა წაიყვანოს. მისივე თქმით, ჩუტყვავილას დროს საკმარისია სიცხის დამწევის მიღება, თბილი სითხეები და ბავშვის ბანაობა, რადგან კანის სისუფთავე შენარჩუნებული იყოს.

„როდესაც ამჩნევთ, რომ ბავშვს ტემპერატურა აქვს, ან გამონაყარი, არ წაიყვანოთ ბაღსა და სკოლაში. მას შეიძლება ჰქონდეს ესა თუ ის ინფექცია და სხვა ბავშვებისთვის გადამდები იყოს. ბავშვს მიეცით თბილი სითხეები. როდესაც ბავშვს ჩუტყვავილა აქვს, საკმარისია სითხის დამწევი, თბილი სითხეები. აუცილებლად ვაბანაოთ ბავშვი. მშობლებში გვხვდება მოსაზრება, რომ ბავშვი არ უნდა ვაბანაოთ, პირიქით, კანი ინფექციის შეჭრის ჭიშკარია და მისი სისუფთავის შენარჩუნება აუცილებელია. ყოველ საღამოს ვაბანაოთ ბავშვი რბილი დასაბანი საშუალებით, ასევე რომელიმე ანტისეპტიკური ხსნარით დავამუშაოთ ელემენტები. რაც შეეხება ქუნთრუშას, აქ ბავშვს არ ვუშვებთ საბავშვო კოლექტივებში და ვასრულებთ ექიმის დანიშნულებას ზედმიწევნით“, - აღნიშნა პედიატრმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს