სს „ლიბერთი ბანკისა“ და Globalize პლატფორმის პარტნიორობის ფარგლებში, 2023 წლის 26 მაისს, ნიუ-იორკში (აშშ) ლეგენდარულ Webster Hall-ში, Globalize კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციის მიზანია ერთის მხრივ გააერთიანოს ქართული დიასპორა, ინვესტორები, ტექნოლოგიებით და ინოვაციებით დაინტერესებული მხარეები, დისტრიბუტორები და საქართველოში ბიზნეს ინტერესების მქონე სხვა პარტნიორები, მეორეს მხრივ კი მათ წინაშე წარადგინოს როგორც ქართული ბიზნესი და ტექნოლოგიები, ასევე საინვესტიციო და საექსპორტო შესაძლებლობები ქართული პროდუქციისთვის ამერიკის ბაზარზე.
კონფერენციაზე წამყვან, ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი იდეები წარადგინონ პოტენციური ინვესტორების წინაშე. Globalize აქტიურად მუშაობს ექსპორტის მიმართულებით და ეხმარება ქართველ ექსპორტიორებს ამერიკის ბაზარზე გაფართოებაში, ამიტომ კონფერენციის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება 30-მდე ქართული ბიზნესის საექსპორტო პროდუქცია.
„მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ერთის მხრივ მხარი დავუჭიროთ ქართულ ბიზნესებს გაზარდონ თავიანთი შესაძლებლობების არეალი და წარმოაჩინონ საკუთარი პროდუქცია ამერიკის ბაზარზე, მეორეს მხრივ კი, ახლოს მივიდეთ ლიბერთის არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან - ქართველ ემიგრანტებთან, გავაცნოთ მათთვის სასარგებლო და საინტერესო სერვისები და პროდუქტები. ორმაგად სასიხარულო და სიმბოლურია, რომ ემიგრანტებთან შეხვედრა სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შედგება,“ - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.
„მოხარულნი ვართ, რომ სულ მალე, Globalize New York Conference უნიკალურ პლატფორმას შესთავაზებს ქართულ ბიზნესს და სტარტაპებს, წარმოაჩინონ თავიანთი ინოვაციური იდეები ამერიკის აუდიტორიისთვის. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ქართველ მეწარმეებს აშშ-ს ბაზარზე შესვლაში და ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ მიზნის მისაღწევად. ჩვენ ვამაყობთ, რომ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართულ დიასპორასთან ერთად, და წარვუდგენთ მათ ქართულ ბიზნესს, ტექნოლოგიებსა და კულტურას, რისთვისაც დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს,“ - სალომე კუკავა, Globalize-ს დამფუძნებელი.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, კონფერენცია დასრულდება ქართველი არტისტის ‘სტეფანეს’ კონცერტით, რომელიც ორგანიზებულია პარტნიორი ორგანიზაციის - Emolas Corporation-ის მიერ. კონცერტი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს 1,500-ზე მეტ ემიგრანტს, ერთ სივრცეში იზეიმონ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. კონცერტის ბილეთების შეძენა: ბმული
Globalize New York Conference შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის: ბმული
(R)