„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ოპოზიციონერ დეპუტატებს საკუთარი ნების წინააღმდეგ მოქმედება „ქართულმა ოცნებამ“ აიძულა. მანჯგალაძემ ამ განცხადებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების არჩევას გამოეხმაურა, რასაც მხარი რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუჭირა.
როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, თითოეულ ოპოზოციონერ დეპუტატს უნდა ეყოს ვაჟკაცობა და აღიარონ, რა მოტივაციით დაუჭირეს მხარი „ქართული ოცნების“ მიერ მოწონებულ კანდიდატებს.
„სამარცხვინო და აბსურდულია კობახიძის და მდინარაძის განცხადება, ჩვენს მიერ ოპოზიციის რომელიმე დეპუტატის მიმართ ზეწოლაზე. უფრო მეტიც, მე ვფიქრობ, რომ ვინც ამ დეპუტატებს, საკუთარი ნების წინააღმდეგ მოქმედება აიძულა, ეს არის „ქართული ოცნება“ რადგან არ მგონია, რომ ისე, უბრალოდ ადამიანებს საკუთარი თავი ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩაეყენებინათ.
ამასთან, კომიკურია, რომ ზეწოლაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებმაც თავიანთ თანაპარტიელებს რუსული კანონის მიღება აიძულეს და უფრო მეტიც, ის დეპუტატები, საკუთარი აზრისა და პოზიციის ქონის გამო ვინც თავი შეიკავა, საგანგებოდ დასაჯეს. განსაკუთრებით სავალალოა, რომ ამ რეპრესიებს ვერ გადაურჩა გენერალი ჩაჩიბაია. არ მესმის, უახლოეს წარსულში ამ ქმედების ჩამდენი ძალა როგორ საუბრობს ვინმეს ზეწოლაზე და ზემოქმედებაზე.
ჩვენს მოქალაქეებს ნამდვილად არ აქვთ მოკლე მეხსიერება და საჭირო მომენტში ყველა ამ ქმედებებისთვის პასუხს მოსთხოვს ბოლო პერიოდში ყველა ანტიეროვნულ, ანტიქართულ ძალას იმ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც მათ ჩაიდინეს.
რა შეეხება დეპუტატების მხრიდან ხმის მიცემას, თითოეულ მათგანს უნდა ეყოს ვაჟკაცობა და აღიარონ, რა მოტივაციით დაუჭირეს მხარი „ქართული ოცნების“ მიერ მოწონებულ კანდიდატებს,” - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.