პირადად მე ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში" იმ ადამიანების ადგილს ვერ ვხედავ, რომელთაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს მისცეს ხმა - ფაქტობრივად ხელისუფლებას "კლანის" წევრები ავარჩევინეთ და მათ ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ანა წითლიძემ გააკეთა.
წითლიძის თქმით, ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა პროცესი ჩაეგდო და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები "კლანის" წარმომადგენლები არ გამხდარიყვნენ.
"მე მათი არგუმენტები მოვისმინე. ეს არგუმენტები არასერიოზული და მიუღებელია. როცა საუბარია იმაზე, რომ ვიღაცამ ხელი შეცდომით მიაჭირა, ვიღაცამ რაღაც არ იცოდა და რამდენიმე კანდიდატს მისცა ხმა და ასე შემდეგ, ეს არგუმენტები ძალიან არასწორია. საუბარია პარლამენტის წევრებზე. ჩემთვის მარტივი არ არის კომენტარის გაკეთება ამ ადამიანებზე, რომლებიც ასევე ჩვენი ფრაქციის წევრები არიან", - განუცხადა ჟურნალისტებს ანა წითლიძემ.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები იმ თანაფრაქციელებს ხვდებიან, რომელთაც, არსებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს მისცეს ხმა.
ფრაქციის სამუშაო ოთახში შეკრებული არიან ნიკა მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე.