ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებულ კენჭისყრამდე ოპოზიციონერ დეპუტატებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომელი 4 კანდიდატისთვის იქნებოდა შესაძლებელი მხარდაჭერის გამოცხადება

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებულ კენჭისყრამდე ოპოზიციონერ დეპუტატებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ 4 კანდიდატისთვის მხარდაჭერის გამოცხადება შესაძლებელი იქნებოდა.

ბეჟაშვილის თქმით, აღნიშნული კანდიდატები იყვნენ - ლიკა საჯაია, კახა წიქარიშვილი, სულხან სალაძე და ლია მუხაშავრია, რომლებიც არასამთავრობო სექტორს წარმოადგენენ და მათ შესახებ „ჩატში“ დაწერა.

„ესენი არიან არასამთავრობო ორგანიზაციაში მომუშავე ადამიანები: საჯაია, წიქარიშვილი, სალაძე, მუხაშავრია. ეს ოთხი გვარი დასახელდა და ამ კანდიდატურებისთვის შეგვეძლო მხარის დაჭერა“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილის თქმით, ფრაქციის უკვე ყოფილი წევრების მხრიდან „სამთავრობო კანდიდატების“ მხარდაჭერა, ბუნებრივია, კითხვის ნიშნებს აჩენს.

„7-8 თვის განმავლობაში დისკუსია მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას საშუალება ჰქონდეს იუსტიციის საბჭოში წარადგინოს და დანიშნული იყოს არამოსამართლე წევრები. 7 თვის განმავლობაში ამ შეთანხმების მიღწევას ვცილობდით და ჩვენმა კოლეგებმა იცოდნენ, რომ ჩვენ არ დავეთანხმეთ „ქართული ოცნების“ წარმოდგენილ ვერსიას, არ იყო შეთანხმება და შესაბამისად, ჩვენ არ დავუჭერდით მხარს არცერთ კანდიდატს.

საუბარი იყო, მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან შესაბამის 5 კანდიდატზე, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს და აკადემიურ წრეებს წარმოადგენენ.

კენჭისყრამდე, საგანგებოდ, "ჩატში" 4 გვარი ჩაიწერა, რომელთა მიმართებაში შესაძლებელი იქნებოდა მხარდაჭერის გამოცხადება, სხვა შემთხვევაში მხარდაჭერა არ უნდა დაფიქსირებულიყო. მაშინ, როდესაც აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნებიდან“ დავით სერგეენკო, რომელიც პარლამენტში 2 თვის განმავლობაში არ გამოჩენილა, ასევე სხვა დეპუტატებიც საგანგებო მობილიზაციით იყვნენ პარლამენტში, ბუნებრივია, ეს თანხვედრა და ჩვენი უკვე ყოფილი ფრაქციის წევრების მხრიდან სამთავრობო კანდიდატების მხარდაჭერა, ბუნებრივია, კითხვის ნიშნებს აჩენს. ამ კითხვის ნიშნებზე საზოგადოება თავისთავად პასუხს გასცემს“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

კითხვაზე, იყვნენ თუ არა ხელისუფლებასთან გარიგებული დეპუტატები, რომლებმაც დღევანდელ კანდიდატებს მხარი დაუჭირეს, ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ „ამ ყველაფერს საზოგადოება თავად დაარქმევს სახელს“.

„მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია და სხვა ოპოზიციური ფრაქციები 7-8 თვის განმავლობაში არ იღებდნენ კენჭისყრაში მონაწილეობას, ყველამ იცოდა, რომ ვიდრე ყველა კანდიდატთან დაკავშირებით შეთანხმება არ მოხდებოდა, არც ერთ კანდიდატს მხარს არ დავუჭერდით. ეს ცხადი მოცემულობა იყო და ახლა გაცხადება იმისა, რომ კომუნიკაციას არ ჰქონდა ადგილი, ცოტა არ იყოს უხერხულია“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო