ახლობლების ინფორმაციით, გორში, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად, 4 წლის ბავშვი დაიღუპა

გორში, 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაიცვალა. მცირეწლოვანის ოჯახი და ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ პედიატრის არაკვალიფიციურობამ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, რაც, შემდგომ, ლეტალური შედეგით დასრულდა.

გარდაცვლილი ბავშვის ახლობლების თქმით, 4 წლის თომა წიქარიძეს ექიმის მიერ ინფექციის არასწორი მართვის გამო, სეფსისი განუვითარდა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.

,,თავდაპირველად, ბავშვს დაეწყო კანზე გამონაყარი, დედა ტელეფონით დაუკავშირდა ,,გორმედის“ პედიატრს, ნინიაშვილს, თუმცა, მან ურჩია, რომ ბავშვი გარეთ არ გაეყვანათ და შინ ემკურნალათ მისი დანიშნულებით. რამდენიმე დღეში, როცა გამონაყარს მაღალი ტემპერატურაც დაერთო, ბავშვის დედამ კვლავ დაურეკა ექიმს, რომელმაც ისევ მისცა რეკომენდაცია, რომ მკურნალობა შინ გაეგრძელებინათ. ამის შემდეგ ბავშვის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ოჯახმა მიიყვანა თომა პოლიკლინიკაში, ბავშვს კიდურებზე შეშუპებაც აღენიშნებოდა, რის გამოც დედამ ექიმს შესჩივლა, მაგრამ მან უთხრა, რომ მორჩენისკენ მიდიოდა ჩუტყვავილა. ოჯახმა მოითხოვა გადასხმის ან სხვა სახის მკურნალობის ჩატარება, მაგრამ როცა მშობლები მიხვდნენ, რომ პაციენტს ვერაფერს უკეთებდნენ, ბავშვის თბილისში რეფერირებისთვის ექიმს რეანიმობილით დახმარება სთხოვეს, მაგრამ მიხვდნენ, რომ ვერც ეს საკითხი მოგვარდებოდა, ამიტომ ჩასვეს ბავშვი კერძო ავტომანქანაში და წაიყვანეს, თბილისში. გზაში თომა კიდევ უფრო ცუდად გახდა, ვეღარ სუნთქავდა, ოჯახმა გააჩერა გზად შემხვედრი პატრული და სთხოვა, რომ დახმარებოდნენ და სწრაფად მიეყვანათ კლინიკამდე. სამწუხაროდ, ყველაფერი დაგვიანებული აღმოჩნდა, ბავშვი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. საშინელ მდგომარეობაში ყველა, მშობლები ახალგაზრდები არიან, 26 წლისები, ეს ერთი შვილი ჰყავდათ, ოჯახის და ნათესავების მოსაზრება ცალსახაა - ბავშვი დაიღუპა ექიმის მხრიდან არასწორი მართვის შედეგად “, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის ნათესავმა ლუიზა სახვაძემ.

რაც შეეხება კლინიკას, ,,გორმედის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვი მშობლებმა ამბულატორიულად მიიყვანეს კონსულტაციაზე, თუმცა, შემდგომ სტაციონარულ მკურნალობაზე უარი განაცხადეს და თვითნებურად წაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებიდან.

ლევან ლორთქიფანიძე - აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების საგარეო პოლიტიკა არ არის აცდენილი ერთმანეთს - დარწმუნებული ვარ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უარყოფის გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის გარეშე არ მიღებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2024
გამორჩეული სიახლე - ახალი HONOR X8b სმარტფონის განხილვა
ჰიუნდაი ავტო საქართველოში შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
ტერაბანკის პარტნიორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრე-აქსელერაციის პროგრამა დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას