1-ელი ივნისიდან დამსაქმებელი ვალდებული გახდება დასაქმებული მძიმე ტვირთის ხელით აწევისგან დაიცვას

1-ელი ივნისიდან დამსაქმებელი ვალდებული გახდება დასაქმებული მძიმე ტვირთის ხელით აწევისგან დაიცვას.

კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განუცხადა, საქართველოს მთავრობამ „ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, დამსაქმებელი ვალდებული გახდება სათანადო ზომები მიიღოს, ან გამოიყენოს მექანიკური მოწყობილობები, რათა თავიდან აიცილოს დასაქმებულთა მიერ ტვირთის ხელით აწევის აუცილებლობა.

მისივე თქმით, თუ დამსაქმებელი დადგენილ ნორმებს დაარღვევს, სანქცირების მექანიზმები იქნება გამოყენებული.

„სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით 2 მილიონამდე ინციდენტია აღრიცხული, საიდანაც ხელით შრომასთან დაკავშირებულია 18%. აქედან გამომდინარე, საქართველოში ტექნიკური რეგლამენტი დაეფუძნა შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონს, რომლის მიზანია დასაქმებული ადამიანებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა.

გარკვეული ვალდებულებები განისაზღვრა დამსაქმებლებისა და კომპანიების მიმართ. ტექნიკური რეგლამენტის ძირითადი მიზანია შემდეგი: თუ არსებობს სამუშაო, სადაც ადამიანებს ფიზიკურად, ხელით უწევს ტვირთის გადაადგილება და არსებობს მექანიკური მოწყობილობა, რომელიც ამას ჩაანაცვლებს, შრომის ინსპექციას ეძლევა უფლებამოსილება, მოსთხოვოს დამსაქმებელს, რომ მექანიკური მოწყობილობა გამოიყენოს, აირიდოს ადამიანის მიერ ხელით შესრულებული ის სამუშაო, რომელსაც მანქანა-დანადგარი შეასრულებდა.

დამსაქმებელმა უპირატესობა უნდა მიანიჭოს ტექნოლოგიურ პროცესს, რათა ტვირთის ხელით გადაადგილება და აწევა აუცილებელი არ იყოს. ამას გააკონტროლებს შრომის ინსპექცია. იმ შემთხვევებში, თუ გამოჩნდება, რომ ფიზიკურად არსებობს ისეთი გადაჭრის გზები, რომელიც პირს ხელით ტვირთის გადაზიდვის საშუალებას აარიდებს და დამსაქმებელი არ ახორციელებს ამ ღონისძიებას, ამ შემთხვევაში შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონიდან გამომდინარე შესაბამისი სანქცირების მექანიზმები განხორციელდება.

შრომის ინსპექციის ცხელი ხაზია 15 75. არამხოლოდ ამ რეგლამენტით, ნებისმიერი უსაფრთხოების, თუ შრომის უფლებების დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერ დასაქმებულ ადამიანს შეუძლია მოგვმართოს, კონფიდენციალურობის დაცვის გარანტია არსებობს.

თუ დაინტერესებულ პირს არ სურს, რომ გამჟღავნდეს მისი ვინაობა, ჩვენ ინსპექტირებას განვახორციელებთ, თუმცა საჩივრის ავტორის ვინაობა კონფიდენციალური იქნება. ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა მოგვმართოს ელექტრონული ფორმით. შრომის ინსპექცია გეგმურად ახორციელებს კომპანიების შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ გეგმურ შემოწმებას ვახორციელებთ შრომის უსაფრთხოების, ასევე შრომის უფლებების მიმართულებით“,- აღნიშნა ფერაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია