პროკურორი - ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე არაერთი მტკიცებულება გვაქვს მოპოვებული

პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის საქმის პროკურორის, თამარ იაკობიძის განცხადებით, პროკურატურას საქმეზე არაერთი მტკიცებულება აქვს მოპოვებული.

როგორც იაკობიძემ აღნიშნა, საქმეში როგორც ვიდეომტკიცებულებები, ასევე მოწმეთა ჩვენებებია წარმოდგენილი.

„შესავალ სიტყვაში ბრალად წარდგენილი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებზე და იმ მტკიცებულებებზე ვისაუბრეთ, რომელიც არსებითი განხილვის ეტაპზე იქნება სასამართლოში წარდგენილი. მოგეხსენებათ, მოწმეთა ჩვენებებისა და ვიდეოჩანაწერების გარდა, წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნები და ამ მტკიცებულებათა ერთობლიობა აუცილებლად დაარწმუნებს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანაში. დაცვის მხარემ ისაუბრა, რომ მტკიცებულებები კანონის არსებითი დარღვევით არის მოპოვებული, რაც არასწორია, ვინაიდან სასამართლომ მტკიცებულებათა კანონიერება უკვე შეამოწმა და ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო. საქმეზე არაერთი მტკიცებულება არის წარმოდგენილი და არამხოლოდ მოწმეთა ჩვენებები“,- განაცხადა იაკობიძემ.

საპირისპიროს აცხადებს გრიგორიადისის ადვოკატი ლიკა ბითაძე და აღნიშნავს, რომ პროკურატურას მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები აქვს.

„არიან მოწმეები, რომლებიც სასამართლო განხილვების დროს დაადასტურებენ, რომ მათ მოტყუებით მიაცემინეს ჩვენებები. არსებითი დარღვევებია. ბრალდების მხარეს მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები აქვს. ლაზარე გრიგორიადისი ადასტურებს, რომ ის საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და რუსულ კანონს აპროტესტებდა. მას მიზნობრივად არ მიუყენებია პოლიციელებისთვის დაზიანება, ამას არ ადასტურებს. ის სახელმწიფო ქონების განადგურებას უარყოფს, ეს იდენტიფიცირებული არ არის“, - განაცხადა ბითაძემ.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.

ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო