„ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული 7 პირის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს

ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული 7 პირის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

როგორც საქმის პროკურორი მაია სილაგაძე აცხადებს, ბრალდებულები მტკიცებულებებს სხვადასხვა ელექტრონულ მოწყობილობებში ინახავდნენ.

„7 პირს ბრალად ედება ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობების ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა. შვიდივე ბრალდებულის მიმართ პროკურატურა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

ბრალდების მხარეს არაერთი მტკიცებულება აქვს მოპოვებული, მათ შორის, ელექტრონული მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნები და ნივთიერი მტკიცებულებები. დასაბუთებული ვარაუდი არსებობს, რომ შვიდივე ბრალდებულმა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული. საქმე "გრიფით საიდუმლოა", შესაბამისად, მტკიცებულებების შინაარსობრივ მხარეზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა, არაერთი მტკიცებულებაა, მათ შორის, ფოტო-ვიდეო მასალა, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს ბრალად წარდგენილი დანაშაული. დაგიდასტურებთ, რომ სხვადასხვა ელექტრონულ მოწყობილობებში ინახავდნენ ამ მტკიცებულებებს, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საქმე "გრიფით საიდუმლოა", ვერ ვისაუბრებთ. აღნიშნული პირები ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“, რომელიც ძირითადად, სირიის ტერიტორიაზე ახორციელებს აქტიურ მოქმედებებს, ან მის გარეთაც, მოპოვებული მასალებით დასტურდება, რომ ხსენებული პირები აპირებდნენ სხვადასხვა ტერორისტული აქტივობების განხორციელებას საქართველოს ფარგლებს გარეთაც",- განაცხადა სილაგაძემ.

საქმის დეტალებზე, ვინ რა აქტივობებით იყო დაკავებული და ვინ რა მოქმედებებს ახორციელებდა, საქმის პროკურორი არ საუბრობს, ვინაიდან საქმეს "გრიფით საიდუმლო" ადევს. რაც შეეხება იმას, თუ როგორ გადმოკვეთა თურქეთის მოქალაქემ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, სილაგაძის თქმით, ამასთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს ინფორმაცია გააჩნია, თუმცა, არც აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალებზე არ საუბრობს.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე 17 აპრილს წარუდგინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის და საქართველოს მოქალაქეები ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანდნენ და მისი ერთ-ერთი ლიდერის მეთაურობით სხვადასხვა ქვეყნებში ტერორისტულ აქტივობებს გეგმავდნენ, ასევე, ბრალდებულები ტერორისტულ საქმიანობაში სხვა პირების ჩართვას აქტიურად ცდილობდნენ.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა მტკიცებულებებთან ერთად, მოპოვებული და ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა, ელექტრონული ინფორმაცია, ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობები.

დაკავებულ პირებს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით, (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად ათიდან ჩვიდმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ასევე, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობების ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად რვიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო