საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ირაკლი ღუდუშაურის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსის, აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ირაკლი ღუდუშაურის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია - „გამოყენებითი მექანიკის პრობლემები“ გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ფაზისის აკადემიის, თეორიულ და გამოყენებით მექანიკაში საქართველოს ეროვნული კომიტეტის, საქართველოს მექანიკოსთა კავშირისა და „განათლებისა და მეცნიერების პროგრესის“ ორგანიზებით ჩატარდა, ესწრებოდნენ სტუ-ისა და საქართველოში აკრედიტირებული, ასევე, ევროპის ქვეყნების უნივერსიტეტების სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.

ირაკლი ღუდუშაურის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია - „გამოყენებითი მექანიკის პრობლემები“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.

როგორც სტუ-ის რექტორმა აღნიშნა, ირაკლი ღუდუშაური თაობებს ახსოვს, როგორც მრავალმხრივი ადამიანი, წარმატებული მეცნიერი, ღვაწლმოსილი პედაგოგი და პოლიტიკოსი.

„ირაკლი ღუდუშაურის სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი. გამორჩეულმა მეცნიერმა არაერთი მეთოდი შეიმუშავა, რომელსაც დარგის სპეციალისტები მაღალხარისხიანი შედეგის მისაღებად დღემდე იყენებენ. დღეს, 21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიები სინათლის სიჩქარით ვითარდება, რაც სპეციალისტებს სამუშაო პროცესს უადვილებს, მაგრამ 1967 წელს, როცა ირაკლი ღუდუშაურმა თაღოვანი და გუმბათოვანი კაშხლების გაანგარიშების ახალ მეთოდს მიაგნო, ეს იყო გადატრიალება მეცნიერებაში. აღსანიშნავია, რომ ღუდუშაურის მეთოდმა ფართო გამოყენება ჰპოვა ენგურის თაღოვანი კაშხლის გაანგარიშებებში, ყველა გარე ზემოქმედების გათვალისწინებით, მათ შორის, სეისმურიც. ღუდუშაურის მეცნიერულ გამოკვლევებში განსაკუთრებით აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც ეხება საძირკვლის ფილების გაანგარიშებას დრეკად ნახევარსივრცეზე. ამ მიმართულებით მიღწეული შედეგები იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით, რომ ირაკლი ღუდუშაურს მიეცა საავტორო მოწმობა, როგორც აღმოჩენაზე. მრავალ გამოგონებაზე, რაც მთავარია, ირაკლი ღუდუშაურის გაზრდილ ბევრ წარმატებულ სპეციალისტზე შეგვიძლია ვისაუბროთ და სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ბატონი ირაკლი ყოველთვის ემახსოვრება არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, არამედ სრულიად საქართველოს თაობებს. შემთხვევითი არაა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ირაკლი ღუდუშაურის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენციის ჩატარება, ის იყო ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი თვალსაჩინო მეცნიერი. წარმატება მინდა ვუსურვო კონფერენციას“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, ირაკლი ღუდუშაურის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე - „გამოყენებითი მექანიკის პრობლემები“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების მეცნიერებმა განსახილველად წარადგინეს თემები: სიხისტის დიაფრაგმების გავლენა მაღლივი კარკასულკედლოვანი შენობების სიმტკიცეზე; ღუნვადი მართკუთხა წიბოების მქონე სივრცითი კონსტრუქციების კვლევა ოპტიმიზაციის მეთოდებით; არაერთგვაროვანი ორთოტროპული ფენების მქონე მრავალფენიანი ფირფიტების გაანგარიშება მდგრადობაზე; ნამახვანჰესის გავლენა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სიხშირის მდგრადობაზე; შენობა-ნაგებობათა კომპიუტერული მოდელირება და პროექტირება რელიეფის ათვისება-განვითარებისათვის; ხვრეტების მქონე ფენოვანი თხელკედლიანი სივრცითი კონსტრუქციების სიმტკიცეზე კვლევა, სასრულ ელემენტთა მეთოდის გამოყენებით; სეისმოიზოლაციური საძირკვლები ადაპტირებული სისტემებით და სხვა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო