თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა გრიგოლ გიორგაძემ და დავით სუჯაშვილმა მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს თავდაცვის კოდექსის პროექტი გააცნეს, რაც მოხალისეობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მინისტრის მოადგილეებმა თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.
„სამინისტროს სისტემაში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავდაცვის სფეროში მოხალისეობრივ ორგანიზაციებს საჭირო ინფრასტრუქტურული, მატერიალური და ადამიანური რესურსით დაეხმარება. ასევე, მოხალისეზე გავრცელდება სამხედრო მოსამსახურისათვის დადგენილი სოციალური გარანტიები.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც სტუმრებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე დამატებითი ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრას თავდაცვის ძალების წარმომადგენლებიც დაესწრნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.