ზურაბ აზარაშვილი - ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორიის ჩამოყალიბება

წინა წელს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, წამლის ლაბორატორიის პროექტის შესახებ მოგახსენეთ, რომელიც გასულ კვირაში უკვე ოფიციალურად გავხსენით. მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორიის ჩამოყალიბება , - აღნიშნულის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, წამლის ხარისხის ლაბორატორია, მოკლე ვადაში აღიჭურვა და შესაბამისი კვალიფიკაციის კადრებით დაკომპლექტდა.

მისივე თქმით, აქტიური მუშაობა საერთაშორისო სერტიფიცირებისა და აკრედიტაციის მოპოვების მიზნით მიმდინარეობს.

„ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ჩატარებასთან დაკავშირებით რეგულაცია შემუშავებულ იქნა, რომელიც მაქსიმალურად ჰარმონიზებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ორიენტირებულია პაციენტის უფლებების დაცვისკენ და უზრუნველყოფს კვლევის ჩატარებისათვის შესაბამისი სანებართვო პირობების და მექანიზმების განსაზღვრას“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრმა, ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის არსებითად მნიშვნელოვან, სავალდებულო GMP/GDP სტანდარტების დანერგვაზეც ისაუბრა.

„2022-2023 წლებში, გაიცა 50 საბითუმო დისტრიბუტორის GDP სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი. ასევე, 3 ფარმაცევტული წარმოებისთვის გაცემულია ნაციონალურ GMP სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს