2022-2023 წლებში, რეფერალური დახმარების პროგრამით, 110 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამედიცინო მომსახურება დაფინანსდა. მათ შორის აღსანიშნავია, ონკოლოგიურ სერვისებსა და მედიკამენტებზე დახარჯული 25 მილიონ ლარზე მეტი, რამაც 11 000 შემთხვევაში მოქალაქეს ძვირადღირებული მკურნალობის სრულად ჩატარების შესაძლებლობა მისცა , - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა რეფერალური დახმარების პროგრამაზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მოქალაქეებისთვის დამატებითი შესაძლებლობაა, რათა ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი გახდეს როგორც საქართველოში, ისე - საზღვარგარეთ.
მისივე განმარტებით, რეფერალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტის 95%-იან ზრდასთან ერთად, გაიზარდა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების მასშტაბი.
„იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ უკეთესი წვდომა უცხოეთში ისეთ სერვისებზე, რომელთა ჩატარება საქართველოში ჯერჯერობით შესაძლებელი არ არის, სამინისტრომ, გააფართოვა თანამშრომლობა კლინიკებთან თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში, სადაც ყველაზე ხშირად ხდება პაციენტების რეფერალი. საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსებაზე, რეფერალური პროგრამის ფარგლებში, 2022-2023 წლებში, გაცემულ იქნა 14 მილიონ ლარზე მეტი. ამავე პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის აუცილებელი სერვისები, რამაც 10 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ 2022 წლის თებერვლიდან, საქართველომ დაიწყო უკრაინიდან საომარი მოქმედებების დროს ჩამოსული მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებაზე ზრუნვა. მხოლოდ რეფერალური პროგრამის ფარგლებში, უკვე დაფინანსებულია 1,5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების შემთხვევა.
გარდა აღნიშნული პროგრამისა, უკრაინის მოქალაქეებისთვის გათვალისწინებულია საყოველთაო და მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსება და სხვა სოციალური ბენეფიტები“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.