საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პროექტის - „ჩვენი ჯარი“ პრეზენტაცია დაიწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები განახლებული პროექტის - „ჩვენი ჯარი“ გასაცნობად ხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები - თავდაცვის ძალების პოლკოვნიკი გელა კილასონია, მაიორი გიორგი ჯიქურაშვილი, ლეიტენანტი მარიამ ამბოკაძე და სერჟანტი გიორგი ხუბულური სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

ლეიტენანტ მარიამ ამბოკაძის განცხადებით, პროექტი - „ჩვენი ჯარი“, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობით ახორციელებს, ახალგაზრდებში ქართული ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.

„პროექტი 2016 წლიდან ხორციელდება. განახლებული პროექტის გაცნობის პირველი ეტაპი სკოლებიდან დაიწყო, მეორე ეტაპზე კი უნივერსიტეტების სტუდენტებს ვხვდებით. წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით, პროექტის პრეზენტაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცამეტივე ფაკულტეტის სტუდენტებს წარვუდგენთ. პირველი, შეხვედრა საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებთან მოხდა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ახალგაზრდებში დიდი ინტერესი გამოიწვია ახალი კანონის შესახებ მიწოდებულმა ინფორმაციამ“, - აცხადებს ლეიტენანტი მარიამ ამბოკაძე.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი დავით ლეშკაშელი აღნიშნავს, უნივერსიტეტში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ვიზიტი მეტად საჭირო და დროულია.

„უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სტუდენტები ხვდებიან ქვეყნის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს და უშუალოდ მათგან იღებენ პასუხებს ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც მასიურად აინტერესებთ ახალგაზრდებს. დღევანდელმა შეხვედრამაც ცხადყო, რომ სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია თავდაცვის ახალი კოდექსისა და წვევამდელთა ეროვნულ სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს შორის ინფორმატიული დისკუსია გაიმართა. ახალგაზრდებმა ამომწურავი პასუხი მიიღეს ყველა, მათთვის საინტერესო შეკითხვაზე“, - ამბობს დავით ლეშკაშელი.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ყოველი კვირის ოთხშაბათსა და პარასკევს შეხვდებიან.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
სამომხმარებლო ბაზარზე  მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა