ნიდერლანდების სამეფოში მოქმედი მოყვარულთა თეატრი „ათინათი“ პრემიერას გამართავს

ნიდერლანდების სამეფოში მოქმედი მოყვარულთა თეატრი „ათინათი“ პრემიერას გამართავს.

ორგანიზატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საპრემიერო სპექტაკლზე მოწვეულები არიან ოფიციალური პირები. მათ შორის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს წარმომადგენლები, ქალაქ პურმერენდის მერი და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს და ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.

მათივე ცნობით, ემიგრანტი მოყვარული თეატრალებისგან შემდგარი დასი მაყურებელს დავით კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალს" 3 ივნისს წარუდგენს, რომლის რეჟისორი ბადრი წერედიანია.

„წინა პერიოდში მაყურებელს ნოდარ დუმბაძის „ჰელადოსი" წარვუდგინეთ. დადგმა წარმატებული გამოდგა. გვქონდა გასტროლიც ქალაქ კაუნასში. ემიგრანტი მოყვარული მსახიობები ნიჭიერები, მონდომებულები არიან და რეპეტიციები საინტერესოდ მიმდინარეობს. თავად "სამანიშვილის დედინაცვალი" საინტერესო ნაწარმოებია, საშუალებას იძლევა ინტერპრეტაციები გაკეთდეს სადადგმო მიმართულებით. კლასიკური პიესაა, თუმცა თანამედროვე აქტუალურ კითხვებსაც პასუხობს შინაარსით. პრემიერა 3 ივნისს ნიდერლანდებში გაიმართება და ამ სპექტაკლის გატანას სხვადასხვა თეატრალურ ფესტივალებზეც ვაპირებთ“, - განაცხადა ბადრი წერედიანმა.

თეატრ „ათინათის“ თანადამფუძნებლის, ნათია ახვლედიანის ინფორმაციით, აღნიშნული დასი ემიგრანტების თავშეყრის ადგილია ნიდერლანდების სამეფოში, რაც ემიგრაციაში დაბადებული და გაზრდილი ქართველი ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან სახელოვნებო ადგილს წარმოადგენს.

„ქართულ საქმეს ვაკეთებთ და ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის. აქაური ყოველდღიურობის ფონზე, ქართულ სიტყვასთან, ლიტერატურასთან და ზოგადად ხელოვნებასთან კონტაქტი ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. დასში 25 წევრია. ვინც სცენაზე ვერ დადგება და ამჯერად როლი არ ექნება, ისინი ტექნიკურ საკითხებში გვეხმარებიან და ფუნქციები გადანაწილებული გვაქვს. ალბათ, სიმბოლურია ისიც, რომ ჩვენი კლასიკოსი მწერლის, დავით კლდიაშვილის ნაწარმოებში, ერთ-ერთ მთავარ როლს ჩვენი დასის წევრი დავით კლდიაშვილი შეასრულებს. ნაწარმოები იძლევა იმის საშუალებას, დადგმა დაიტვირთოს სიმღერებით და ქორეოგრაფიული ნომრებით. მუსიკას სპექტაკლისთვის ვახო ნინუა დაწერს. ვცდილობთ ემიგრაციაში ქართული ტრადიციები და სული შევინარჩუნოთ“, - განაცხადა ნათია ახვლედიანმა.

ნიდერლანდების სამეფოში სამოყვარულო თეატრი „ათინათი“ 2021 წელს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე თინათინ ახვლედიანმა დააფუძნა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო