კომპანია „ბიბლუსს“, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შორის სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კომპანია „ბიბლუსს“, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შორის სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კომპანია „ბიბლუსს“, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შორის სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს: „ბიბლუსი ჯგუფის” დირექტორმა, ირაკლი გაგნიძემ, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, გიორგი კეკელიძემ და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა.

„ბიბლუსის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ანი ასათიანის განცხადებით, სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით არსებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებების ბიბლიოთეკებს „ბიბლუსი ჯგუფი“ ერთი წლის განმავლობაში წიგნებით მოამარაგებს.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რადგან სამმხრივი მემორანდუმი „ბიბლუსი ჯგუფს“, ეროვნულ ბიბლიოთეკას და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შორის დაიდო. მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით არსებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებების ბიბლიოთეკები საჭირო წიგნებით ერთი წლის განმავლობაში მომარაგდება. „ბიბლუსი ჯგუფი“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაა. ჩვენ „ბიბლუსის“ არსებობის განმავლობაში მსგავსი ტიპის კამპანიებს რეგულარულად ვახორციელებთ. ამ მემორანდუმის მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსჯავრდებულების წიგნიერების ამაღლება მოხდეს”, - განაცხადა ანი ასათიანმა.

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის, გიორგი კეკელიძის თქმით, მემორანდუმის ფარგლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბიბლიოთეკარების გადამზადება მოხდება, რომლებიც, როგორც წესი მსჯავრდებულები არიან.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, ისტორიულიც კი. მემორანდუმი „ბიბლუსს“, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას და იუსტიციის სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტს შორის შედგა, რომელიც პენიტენციურ სისტემაში არსებული ბიბლიოთეკების სრულად, ახალი წიგნებით მომარაგებას გულისხმობს, ამავდროულად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბიბლიოთეკარების გადამზადებას, რომლებიც როგორც წესი მსჯავრდებულები არიან. ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. პირველ რიგში, ეს კამპანია პატიმრების რესოციალიზაციას და წიგნებთან დაკავშირებით მათი ინტერესის დაკმაყოფილებას ემსახურება. ბუნებრივია, მთელი ძალისხმევა ამ მიმართულებით იქნება”, - განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ბუბა ლომუაშვილის განმარტებით, ეს კამპანია პატიმრების რესოციალიზაციის პროცესს წაადგება.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს. კერძოდ, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ბიბლიოთეკების თანამედროვე სტანდარტიზაციას და სისტემატიზაციას. ამ პროცესში მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ასევე კერძო სექტორი - „ბიბლუსი ჯგუფია“ ჩართული. სწორედ, ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლების და მათი ზოგადი გამოცდილების დახმარებით, ჩვენი ბიბლიოთეკების თანამშრომლების გადამზადებას შევძლებთ, რაშიც თავისთავად მსჯავრდებულების ჩართულობა მოიაზრება. აგრეთვე, მათთვის ფორმალური და არაფორმალური განათლების მიწოდება. ეს ცალსახად მათი რესოციალიზაციის პროცესს წაადგება. ჩვენ ამ ახალი პროექტის დიდი მოლოდინი გვაქვს”, - განაცხადა ბუბა ლომუაშვილმა.

(R)