28 მაისს პარლამენტთან „გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ“ აქცია გაიმართება

28 მაისს პარლამენტთან „გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ“ აქცია გაიმართება, რომლის ორგანიზატორები არიან „ევროპული საქართველო“, „თავისუფლების ინსტიტუტი," „ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება“ და „ტაბულა“.
აქცია, დღეს, პარლამენტთან ორგანიზატორებმა, ამბროსი ხელაიას, ილია ჭავჭავაძის, შოთა რუსთაველის, ვაჟა ფშაველას, მიხეილ ჯავახიშვილის, გიორგი კვინიტაძისა და სხვების გზავნილების მქონე სტიკერებიან სტენდთან დააანონსეს და მსგავსი სტიკერები ქალაქის მასშტაბით გაიკვრება.
ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ისინი ამ გზით ცდილობენ, საზოგადოებას უთხრან, თუ ვინ ართმევს მათ ქართულ მემკვიდრეობას, ისტორიასა და ტრადიციებს. როგორც თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნების“ რეჟიმი და საქართველოს ევროპული მომავალი შეუთავსებელია და ის უნდა შეიცვალოს.
„თუ გინდა საზოგადოება გაანადგურო, ისტორია უნდა წაუშალო და ჩვენ წინა საუკუნის დასაწყისიდან, ბოლშევიკების დროიდან მოყოლებული ისტორიის წაშლის მსხვერპლი ვართ. დღესაც ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როცა ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ მეტრი არის მეგობარი, მეგობარი - მტერი, ომი არის მშვიდობა, უმეცრება - სათნოება და ა.შ. ამოყირავებულია ყველაფერი და ქართველი ერისთვის ძალიან შეურაცხმყოფელია ის პროცესი, რასაც პოლიტიკური პროცესი ჰქვია. ჩვენ გადავწყვიტეთ, 28 მაისს გავაცოცხლოთ ისტორია და ქართულ საზოგადოებას ვუთხრათ,რომ ჩვენ ქართველი ლიბერალები მრავლად ვართ ქართული ისტორიული მემკვიდრეობის, ამბორსი ხელაიას, ილია ჭავჭავაძის, შოთა რუსთაველის, მიხეილ ჯავახიშვილის და სხვების მემკვიდრეობის გამვრცელებლები, ამიტომ დავბეჭდეთ ეს ციტატები, რომ ქართულ საზოგადოებას შევახსენოთ, ვის ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები, ეროვნული გმირები და რას მიიჩნევდნენ ქართველი ხალხისთვის გამოსავლად. იმისთვის, რომ კარგად დარწმუნდეს ქართველი ხალხი, ის 87 პროცენტი, რომელსაც ევროპაში უნდა, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი და საქართველოს ბედნიერი, ევროპული მომავალი შეუთავსებელია და ის უნდა შევცვალოთ, რომ წინაპრების ისტორიული მისია შევასრულოთ“, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი, სალომე ხვედელიანის განცხადებით, 28 მაისს პარლამენტთან აქციას ხელისუფლების გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ გამართავენ.
„ჩვენი მოსაზრებით, ხელისუფლების პოლიტიკა ანტიქართული და პრორუსულია. პროპაგანდის ისე წარმოებას და ქართველის ისე წარმოჩენას ცდილობენ, რომ ღარიბაშვილის ტიპაჟის ადამიანი არის ქართველი ერის სახე, რაც ასე არ არის. გაკრულ პლაკატებზე ხედავთ ილია ჭავჭავაძეს, იაკობ გოგებაშვილს, შოთა რუსთაველს, ეს ხალხია ქართველი ერის სახე და ვინც ამ ხალხისთვის იყო მტერი, ის არის ჩვენთვის მტერი“, - განაცხადა ხვედელიანმა.
როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა თენგო კირთაძემ განაცხადა, „გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ“ დაანონსებული აქცია ლოგიკურია, რადგან ეს საფრთხე ისტორიაში პირველად არ დამდგარა და სტენდზე გამოკრული გმირებიც სწორედ ამის წინააღმდეგ იბრძოდნენ.
„წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო“ და სწორედ ჩვენი ისტორიული გმირები უნდა გამოვიყენოთ ორიენტირებად და წინა კაცად და არა ის, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გვთავაზობს, სწორედ აქეთ არის მიმართული 28 მაისის აქცია”, - განაცხადა თენგო კირთაძემ.

























