პარასკევს რუსეთიდან პირველი რეისი ხორციელდება - რას აპირებს ოპოზიცია თბილისის აეროპორტში
რა არის "ნაციონალებში“ ახალი კონფლიქტის მიზეზი - კომუნიკაციის მოშლა თუ "ოცნებასთან“ გარიგება
***
პარასკევს რუსეთიდან პირველი რეისი ხორციელდება - რას აპირებს ოპოზიცია თბილისის აეროპორტში
“რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი", რომელსაც ცოტა ხნის წინ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ქვეყნების სიიდან ამოღება მოუწია, 19 მაისს საქართველოში პირველ რეისს ახორციელებს, ოპოზიცია კი პროტესტს აანონსებს - რესპუბლიკის მოედნიდან აეროპორტის მიმართულებით აქცია-მსვლელობას გამართავს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, პარასკევს რუსეთიდან პირველი რეისი ხორციელდება - რას აპირებს ოპოზიცია თბილისის აეროპორტში
„თავის მხრივ მმართველი გუნდი აცხადებს, რომ რუსეთიდან ფრენების აკრძალვით და სანქციების დაწესებით, რასაც ოპოზიცია ითხოვს, „საქართველო დაზარალდება ეკონომიკურადაც და საფრთხეა, რომ დაზარალდეს სამხედრო თვალსაზრისითაც". „დროას" დაანონსებულ პროტესტს „სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძეც უერთდება. „მთელი ჩვენი პარტნიორები, ვისთანაც კი მქონდა საუბარი, გადაწყვეტილებას ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით მიიჩნევს გეოპოლიტიკურ, საგარეო კურსის ცვლილებად საქართველოს შემთხვევაში. ანუ, „ოცნებამ" მკაფიოდ განაცხადა, რომ მე აღარ მინდა ევროკავშირი და ნატო, მე მინდა რუსეთი. ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს არის ინდივიდუალურ საუბრებში დიპლომატების მიერ გამოთქმული პოზიცია," - აცხადებს ვაშაძე. აქციის ოპრგანიზატორი პარტია „დროაა", რომელიც წერს, რომ მოსკოვი-თბილისის პირველი რეისი, 19 მაისს თბილისის აეროპორტში 13:50-ზე დაჯდება“, - აღნიშნავს გამოცემა.
„რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი", რომელიც დროებით ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს, პირველ ფრენას საქართველოში 19 მაისს შეასრულებს. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, არ შევეგუოთ ხელისუფლების მორიგ ღალატს და დავიცვათ საკუთარი ღირსება, სუვერენიტეტი. 19-ში, 12:00 საათზე, ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე (ველოსიპედთან) და ერთად კოლონით დავიძრებით აეროპორტისკენ, რათა გავაპროტესტოთ მოსკოვი-თბილისის პირველი რეისი, რომელიც თბილისის აეროპორტში 13:50-ზე დაჯდება. უნდა ვიცოდეთ, აზიმუტი არის ავიაკომპანია, რომელსაც: ეკრძალება ევროპის საჰაერო სივრცეში ფრენა; „აზიმუტის" თვითმფრინავებს აწარმოებს კომპანია, რომელიც სანქცირებულია. ის სანქციების ქვეშ მოყვა იმიტომ, რომ აწარმოებს ბომბდამშენებს, რომლებსაც რუსეთი საქართველოსა და უკრაინის დასაბომბად იყენებს. „ავიაკომპანია „აზიმუტის" თანადამფუძნებელი ვიტალი ვანცევი პუტინის ახლო გარემოცვის წევრია. „რუსული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, ქართველმა ხალხმა უკვე რამდენჯერმე გადაარჩინა საკუთარი ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული გაუტეხელი წინააღმდეგობით. კიდევ ერთხელ უნდა დავდგეთ ერთად და გავაკეთოთ ყველაფერი, თითოეული ჩვენგანის ევროპული მომავლისთვის", - წერია განცხადებაში“, - განაგრძობს გამოცემა.
„როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტო „ფეისბუქზე" წერს, ავიაკომპანია „აზიმუტი" საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენებს იწყებს, ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა კი მიმდინარე წლის 15 მაისს გაიცა, დღეის მდგომარეობით კი ეს ავიაკომპანია სააგენტოს განცხადებით, ევროკავშირის შავ სიაში არაა. „საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენების განხორცილებას ავიაკომპანია „აზიმუტ ეარლაინზი" იწყებს. დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს, მიმდინარე წლის 15 მაისს გაიცა", - წერს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. „ჩვენთვის სამაგიერო არის ასიათასობით თანამემამულის ინტერესი, რომ არ იხადოს სამჯერ, ოთხჯერ მეტი თანხა სამშობლოში ჩამოსასვლელად - რასაც გვიკიჟინებენ, იმით საქართველო დაზარალდება ეკონომიკურადაც და საფრთხეა, რომ დაზარალდეს სამხედრო თვალსაზრისითაც", - ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი კითხვას, რას იღებს საქართველო ფრენების აღდგენის სანაცვლოდ.მისივე თქმით, თუკი საქართველო აკრძალვებს დააწესებს, რუსეთის მხრიდან აგრესიის საფრთხე არსებობს. „მე ვიცი, რომ საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის მისაღებად საქართველომ თქვა გადამწყვეტი სიტყვა, რუსეთი მიიღეს ამ ორგანიზაციაში საქართველოს თანხმობიდან გამომდინარე და სამაგიერო საქართველოს არაფერი მიუღია. ჩვენთვის სამაგიერო არის ასიათასობით ჩვენი თანამემამულის ინტერესი, რომ არ იხადოს სამჯერ, ოთხჯერ მეტი თანხა, რათა თავის სამშობლოში ჩამოვიდნენ. „მეტი სხვა ინტერესი საქართველოს არ გააჩნია. არის კიდევ ერთიც, ნებისმიერ შემთხვევაში იმით, რასაც გვიკიჟინებენ, რომ ავკრძალოთ და გადავიდეთ სანქციების რეჟიმში, საქართველო დაზარალდება, დაზარალდება ეკონომიკურად და დიდი საფრთხე არსებობს, რომ დაზარალდეს სამხედრო თვალსაზრისითაც, შესაძლო აგრესიას ვგულისხმობ, საზღვრების გადაკეტვას, აგრესიულ ქმედებებს, თუნდაც ისეთს როგორსაც რუსეთი ატარებს არამარტო უკრაინასთან მიმართებით, სულ ახლახან წყნარ ოკეანეში უშველებელი სამხედრო ვარჯიში ჩაატარა, უამრავი რესურსი გააჩნია რუსეთს, რომ დაგვაზიანოს და გიკიჟინებენ გადახვიდე რეჟიმზე, რომელიც შენ მოგიტანს მხოლოდ ზიანს. საქართველოს საგარეო კურსი არ შეუცვლია, რეიკიავიკის სამიტმა ყოველგვარ შეკითხვებს გასცა პასუხი,"- განაცხადა ვოლსკიმ“, - წერს სტატიის ავტორი.
რა არის "ნაციონალებში“ ახალი კონფლიქტის მიზეზი - კომუნიკაციის მოშლა თუ „ოცნებასთან“ გარიგება
“სრული არეულობა და გაურკვევლობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ - ასე აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ბოლო დღეებში ოპოზიციაში განვითარებულ მოვლენებს. მისი აზრით, პარტიაში სიტუაცია იმდენად ქაოსურია, რომ ყველა საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, ხოლო აქედან ხეირის ნახვას „ქართული ოცნება“ ცდილობს”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა არის „ნაციონალებში“ ახალი კონფლიქტის მიზეზი - კომუნიკაციის მოშლა თუ "ოცნებასთან“ გარიგება
„ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის დაპირისპირება კი გრძელდება. ისევ ისმის ურთიერთბრალდებები. ფრაქციის უკვე ყოფილ წევრებს, რომლებმაც იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირეს, კითხვები აქვთ და ყოფილი თანაგუნდელების პოზიციას აკრიტიკებენ. დაპირისპირების მიზეზი კი მმართველი გუნდის მიერ დასახელებულ იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატების მხარდაჭერა გახდა. უმრავლესობასთან ერთად მათ ხმა ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა, ნიკა მაჭუტაძემ, დილარ ხაბულიანმა და ბაჩუკი ქარდავამ მისცეს, რასაც ოპოზიციაში მკაცრი შეფასება მოჰყვა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა. ამის პარალელურად კი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ფეისბუკზე წერს, რომ „ოცნებასთან“ ნებისმიერი თანამშრომლობა ანტიეროვნული აქტია. პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტი გამოქვეყნებული პოსტით, 5 ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატებისთვის ხმის მიცემის გარდა, სავარაუდოდ, ლევან ბეჟაშვილის პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე წარდგენასაც ეხმაურება. თუმცა ნაწილმა ეს პარლამენტის დატოვების მოწოდებადაც კი აღიქვა. „ნებისმიერი თანამშრომლობა პარლამენტში თუ მის გარეთ უკვე ღიად პროოკუპაციურ რეჟიმთან არის ანტიეროვნული აქტი,“ - წერს სააკაშვილი“, - აღნიშნავს გამოცემა.
„პარლამენტის წევრი, ნატო ჩხეიძე კი მის ყოფილ თანაფრაქციელებს კითხვით მიმართავს, რატომ მალავენ, რომ ოპოზიციურ ჩათში საუბარი იყო არა ოთხ შეთანხმებულ კანდიდატურაზე, არამედ ხუთზე და მეხუთე იყო ნინო ნიშნიანიძე. სწორედ ნინო ნიშნიანიძემ დააგროვა დანარჩენ კანდიდატებს შორის ყველაზე მეტი ხმა, რომელიც არჩევისთვის საკმარისი არ იყო, თუმცა მეორე ტურში გადავიდა. „მათ გამორჩათ, დაავიწყდათ ან დაივიწყეს, რომ იმ ჩათში იყო მეხუთე გვარი ნიშნიანიძე, მაგრამ ეს არ გამორჩა, არ დაივიწყა „ქართულმა ოცნებამ“. საერთოდ, არ არის დიდი პირობის შემსრულებელი „ქართული ოცნება“ და ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მოინდომეს და დაინტერესებული პირები ნახავთ, რომ კანდიდატთა სიაში, რომლებიც მეორე ტურში უნდა გადავიდნენ, ერთ-ერთი არის ნიშნიანიძე. როგორც ჩანს, სწორედაც მოქმედებდა ის ფორმულა 4/1-ზე, რომელიც მთლად ბოლომდე და ნათლად ოპოზიციური ჯგუფებისთვისაც არ იყო დამაჯერებელი, მთლად გაგებული და ამიტომ იყო, რომ სწორედ ოპოზიციურ ჯგუფებში იყო ის ფრაზა, რომ აქ იყო გარიგება და ეს გარიგება, საბოლოო ჯამში, დაგვბრალდა ჩვენ, ჩხეიძეებს, მაჭუტაძეს და კიდევ ორ დეპუტატს. „ნაციონალური მოძრაობა“ გადგა გვერდზე და აღშფოთებული სახეც მიიღო. მე, ცხადია, პირადი კითხვები მექნება ჩემს კოლეგა „ნაციონალური ფრაქციის“ ზოგიერთ წევრთან და ალბათ შეკითხვები ექნება საზოგადოებასაც, რათა უფრო მეტი სინათლე მოეფინოს ამ საკითხს,“ – თქვა ჩხეიძემ“, - განაგრძობს გამოცემა.
„მის ამ განცხადებას „ნაციონალურ მოძრაობაში“ უპასუხეს, სადაც ამბობენ, რომ მათი არგუმენტების არ სჯერათ და განცხადებებს თავის მართლების მცდელობას უწოდებენ. ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ პოლიტიკაში შემთხვევითობების არ სჯერა. „იმ სამ კანდიდატს შორის, რომელსაც მან მხარი დაუჭირა და რომლებიც გახდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ეს გვარი არ ფიგურირებს. შესაბამისად, ნიშნიანიძის გვარის მოყვანა საერთოდ ვერ ახსნის მის მხარდაჭერას იმ სამი კანდიდატის მიმართ, რომელიც გახდა უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ეს არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული არგუმენტაცია, რომელიც ცდილობს, რომ გაამართლოს მათი გუშინდელი ქმედება. ნამდვილად არ მწამს შემთხვევითობის პოლიტიკაში,“ - აცხადებს თინა ბოკუჩავა“, - დასძენს გამოცემა.
„ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მონასტერი აირია. საერთოდ ვინ ვის მართავს და ვინ რას ამბობს, თავადაც ვეღარ იგებენ. სიტუაცია იმდენად არის არეული, უკვე ყველა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ამიტომ ამ ყველფერში ხელისუფლება სარგებლის ნახვას ცდილობს, რაც ჩვეულებრივი პოლიტიკური მანევრია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ისეთი ქაოსია დაწყებული, ვერ გაიგებ ვინ ვის ემორჩილება, ვინ ვის უსმენს და რას აკეთებენ. ერთმანეთთან აღარც კომუნიკაცია აქვთ და აღარც საერთო პარტიული ინეტერესები აღარ არსებობს. მიხეილ სააკაშვილის პარტიის მართვის ყველანაირი ბერკეტი აქვს დაკარგული, მაგრამ ამას ბოლომდე კიდევ ვერ აცნობიერებს. საავადმყოფოდან გასცემს დირექტივებს, რომელიც საერთოდ ლოგიკას არის აცდენილი. ლევან ხაბეიშვილს და მის უკან მდგომ მერაბიშვილს, კეზერაშვილის და ადეიშვილს კი თავიაანთი მიზნები აქვთ. ნიკა მელიას და მის გუნდს თავისი, ხოლო სრულიად მარტოდ დარჩენილი ხალხი, თავის გადარჩენას ცდილობენ. „პარტიაში ბრძოლა უკვე 2024 წლის საარჩევნო სიისთვის მიდის. ამიტომ მოხდა ის ფაქტი, რომ 5-მა დეპუტატმა, რომელიც ენმ-ის სიით იყვნენ შესულები მხარი იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას დაუჭირეს. ვერავინ ვერ დაიჯერებს იმას, რომ დეპუტატმა არ იცოდა, ხმას ვის აძლევდა და თანაც ეს გარიგების გარეშე გააკეთეს. ამიტომ არ არის გამორიცხული თანამდებობების გამო სხვა ნაციონალური მოძრაობის წევრები ან მათი სიით შესული ხალხი ხელისუფლებასთან გარიგდეს. ოპოზიციურ ფლანგზე ყველაფერი აირია“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“. მისივე თქმით, იმ ფონზე როცა ენმ-ის ზოგიერთი წევრი პარლამენტში თანამდებობებისთვის ემზადება, პარლამენტს რატომ დატოვებენ, გაუგებარია. ამბობს, რომ დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაცია საზოგადოებასთნ და მედიასთან გამოჩენა პოლიტიკოსებისთვის აუცილებელია, პარლამენტი კი ზუსტად ამის საშუალებას იძლევა. ამიტომ, ვინც უფრო გამოცდილი პოლიტიკოსია და საპარლამენტო ცხოვრება ესმის, ის არც სააკაშვილს უსმენს და არც ხაბეიშვილს. ყველა სათავისოდ მოქმედებს და სააკაშვილის დირექტივები არავის აინტერესებს“, - წერს სტატიის ავტორი.