თუ საჭირო გახდა, რომ გახარია თუნდაც, საგამოძიებო კომისიაზე მოვიდეს, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რამდენჯერაც საჭირო იქნება, მოვა და გასცემს კითხვებს პასუხს - თქვენ არ ინერვიულოთ მაგაზე, - ასე მიმართა „საქართველოსთვის“ დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა „ქართული ოცნების“ წევრ მამუკა მდინარაძეს პლენარულ სხდომაზე, სადაც დაუშვილმა ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის დადგენილების პროექტი წარმოადგინა.
დაუშვილმა უმრავლესობას შესთავაზა, რომ „ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის მიერ გამოსაძიებელი პერიოდი თავად უმრავლესობამ დაასახელოს.
„ბატონო მამუკა [მდინარაძე], ნუ ნერვიულობთ ბატონ გახარიაზე, ნუ დაიძაბებით მაგაზე, თუ საჭირო გახდა, რომ ბატონი გახარია მოვიდეს თუნდაც საგამოძიებო კომისიაზე, აბსოლუტურად, დარწმუნებული ვარ, რომ რამდენჯერაც საჭირო იქნება იმდენჯერ მოვა და იმდენჯერ გასცემს კითხვებს პასუხს და თქვენ არ ინერვიულოთ მაგაზე. მეტსაც გეტყვით, რომელი წლიდან გინდათ რომ შევქმნათ საგამოძიებო კომისია?! შემოგვთავაზეთ. მოგყვებით. მე პირადად მხარს დავუჭერ იმას, რომ რომელი წლიდანაც გინდათ, იმ წლიდან შეიქმნას საგამოძიებო კომისია. კი ბატონო, შევქმნათ, ოღონდ მხარი დაუჭირეთ ამ საკითხს“, - განაცხადა დაუშვილმა.
ცნობისთვის, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მდინარაძე დაინტერესდა, იმუშავებენ თუ არა „ქოლ-ცენტრების“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში, ინიციატორები იმ მიმართულებითაც, რომ დაადგინონ, იკვეთება თუ არა საქმეში გიორგი გახარიას შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხი.
„თქვენი ლიდერი რომ ახლოს იყო ამ სქემის თავში მყოფ ადამიანებთან, ამის ეჭვი მქონდა, მაგრამ ასე დეტალურად თუ იცნობთ ამ თემას, ნამდვილად არ გვეგონა“- განაცხადა მდინარაძემ.