საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, მედიისა და სოციალური ქსელებში ბუზმარეთის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის მამათა მონასტერში, ამაღლების სახელობის ტაძართან მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია ცალმხრივად და ტენდენციურად გაშუქდა.
საქართველოს საპატრიარქოს განმარტებით, მრავალი წელია ადგილობრივი კათოლიკური თემი უსაფუძვლო პრეტენზიას ბუზმარეთის V საუკუნის ტაძარზე აცხადებს და ყოველ წელს განსაკუთრებული აგრესიითა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით თუ ქმედებებით ცდილობენ, ლოცვითი მსახურება ჩაატარონ.
„გუშინ, 2023 წლის 18 მაისს, მედიისა და სოციალური ქსელების მეშვეობით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ბუზმარეთის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის მამათა მონასტერში, ამაღლების სახელობის ტაძართან მომხდარი ინციდენტის შესახებ. ინფორმაცია ცალმხრივად და ტენდენციურად გაშუქდა კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენელთა მიერ, ამასთან, მასში მართლმადიდებელი სასულიერო პირი დისკრედიტებულად წარმოჩენილი იქნა.
გვინდა საზოგადოებას პრობლემის რეალური სახე გავაცნოთ. ბუზმარეთის V საუკუნის ტაძარი არის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიული ძეგლი, რომელთანაც არავითარი კავშირი კათოლიკურ ეკლესიას არ აქვს. კათოლიკური ეკლესია, როგორც ცალკე ერთეული, XI საუკუნიდან იწყებს ჩამოყალიბებას, ამიტომ გაურკვეველია 6 საუკუნით ადრინდელი ტაძრის კონფესიურ კუთვნილებაზე დავა. ბუზმარეთში ფუნქციონირებს მართლმადიდებლური მონასტერი და მართლმადიდებელი ბერ-მონაზვნები მოღვაწეობენ.
მრავალი წელია ადგილობრივი კათოლიკური თემი უსაფუძვლო პრეტენზიას ამ ტაძარზე აცხადებს. ყოველ წელს განსაკუთრებული აგრესიითა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით თუ ქმედებებით ცდილობენ, ჩაატარონ ლოცვითი მსახურება. პროვოკაციებს თან ახლავს ადგილობრივი მართლმადიდებელი სასულიერო პირებისა და ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის სრული იგნორირება და არაფრად ჩაგდება.
ამჯერადაც, სწორედ ასეთ გამომწვევ ქმედებასადგილი ჰქონდა. ისინი ლამობდნენ მონასტრის ეზოში შეჭრას და მსახურების ჩატარებას. თუმცა, როცა ეს ვერ მოახერხეს, შემდეგ არამართებულ ადგილას, მონასტრის გამოსასვლელ გზაზე, კარიბჭესთან მაინც მსახურება ჩაატარეს.
აქვე აღვნიშნავთ, რომ მათ - როგორც კათოლიკე მრევლს, ასევე სასულიერო პირებს, არასდროს შეჰქმნიათ პრობლემა უშუალოდ ტაძრის მოლოცვისა და მონახულებისა.
ვიმედოვნებთ, ჩვენს ეკლესიებს შორის კვლავ მშვიდობას და იმ სტატუს-კვოს შევინარჩუნებთ, რაზეც ჩვენი ურთიერთობა ეფუძნება.
დაბოლოს, კვლავ დავძენთ, რომ მიუღებელია ეკლესიის უგულებელყოფა, ძალადობრივი მეთოდებით სხვის კუთვნილ ტერიტორიაზე შეჭრა და მსახურების აღსრულება“, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.