19 მაისს ლეგენდარული ქართველი სპორტსმენის, კობა წაქაძის დაბადების დღეა, - აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ბაკურიანის განვითარების სააგენტო“ ავრცელებს.
სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ თავმჯდომარის, ეკატერინე ორჯონიკიძის განცხადებით, კობა წაქაძეს განუზომლად დიდი წვლილი ბაკურიანისა და საქართველოს პოპულარიზაციაში მიუძღვის.
,,89 წლის იუბილეს ვულოცავ საქართველოს საამაყო სპორტსმენს, ჩემთვის ძალიან ძვირფას და საყვარელ ადამიანს, ბატონ კობა წაქაძეს. ბატონი კობა გამორჩეულია არა მხოლოდ თავისი მიღწევებითა და წარმატებებით, არამედ უპირველეს ყოვლისა, ღირსებით და ადამიანობით. განუზომლად დიდი წვლილი მიუძღვის ბაკურიანისა და საქართველოს პოპულარიზაციაში და ნამდვილად სამართლიანად ატარებს მსოფლიო ლეგენდის ტიტულს. მინდა ვუსურვო მხნეობა, ჯანმრთელობა, დიდ ხანს სიცოცხლე და უშრეტი ენერგია, რომ კიდევ ბევრ თაობას გაუზიაროს თავისი ცოდნა და გამოცდილება,'' – განაცხადა სსიპ ,,ბაკურიანის განვითარების სააგენტოს'' თავმჯდომარემ, ეკატერინე ორჯონიკიძემ.
როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, კობა წაქაძე 1934 წლის 19 მაისს ბაკურიანში დაიბადა. 1953 წელს მან საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა მოიპოვა. ამის შემდეგ იგივე ტიტულს კიდევ ოთხჯერ დაეუფლა. სამჯერ საკავშირო თასი დაისაკუთრა, 1961 წელს კი საბჭოთა კავშირის ხალხთა ზამთრის სპარტაკიადა მოიგო. მსოფლიოს ჩემპიონატების ხუთგზის მონაწილემ 1972 წელს 38 წლის ასაკში მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა და საკავშირო თასი. სპორტის დამსახურებული ოსტატი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.