გიორგი ამილახვარი - უფასო კვების დანერგვა დაკავშირებულია სასკოლო ინფრასტრუქტურის მოგვარებასთან

უფასო კვების დანერგვა დაკავშირებულია სასკოლო ინფრასტრუქტურის მოგვარებასთან - მანამდე იცით, რომ ძალიან მაღალი სოციალური პაკეტები განვსაზღვრეთ და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები იღებენ 200 - ლარიან დაფინანსებას, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში, ჟურნალისტებთან, ინტერპელაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამასთან, როგორც ამილახვარი აღნიშნავს, სამინისტრო კვებასთან დაკავშირებით ამუშავებს რამდენიმე ვერსიას, რომ გარკვეულ ეტაპზე, როცა სასკოლო ინფრასტრუქტურის ნაწილი მაინც იქნება მოგვარებული, ჰქონდეთ კონცეფცია, რომელსაც მშობლებს და მათ შვილებს შესთავაზებენ, თუმცა, მინისტრი კონკრეტულ ვადაზე ამ ეტაპზე ვერ საუბრობს.

„ეს მრავალი წლის განმავლობაში დაგროვებული პრობლემაა, რომელიც მოგვდევს რამდენიმე ათწლეულია. გვაქვს ამ კუთხით გამოწვევები და სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომელიც ეხება სასკოლო კვებას.

დღეს ინტერპელაციის ფარგლებში, ყველა დასმულ კითხვაზე გავეცით პასუხი და შევთავაზეთ ყველა დეპუტატს, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებსაც, ვისაც სურს პოლიტიკის მიღმა ვიმუშაოთ ამ საკითხებზე, რომ ვიმუშაოთ ამ საკითხებზე, რადგან მიმაჩნია, რომ განათლება, მეცნიერება და ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები უნდა იყოს პოლიტიკის მიღმა. ვისაც აქვს ამის ძალა და შესაძლებლობა, რომ მოვიდეს და იმუშაოს ამ საკითხებზე ჩვენთან ერთად, სამინისტრო ნებისმიერ ადამიანს კარს გაუღებს, რომ გავცვალოთ მოსაზრებები.

ეს არის კომპლექსური, სექტორალური პრობლემა და არ ეხება მხოლოდ განათლების და მეცნიერების სამინისტროს, ეს არის ინფრასტრუქტურის საკითხი, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს და ათასზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია - მშენებლობის გეგმა გვაქვს გამოცხადებული, რომელიც მიმდინარეობს, ეს დაკავშირებულია სურსათის უვნებლობასთან, ბუფეტების ინფრასტრუქტურის მოწყობასთან და ამ ყველაფრის მოგვარების კვალდაკვალ დადგება დრო და ეტაპი, რომ ჩვენ დავიწყოთ სასკოლო კვების პრობლემაზე მუშაობა.

მანამდე იცით, რომ ძალიან მაღალი სოციალური პაკეტები განსაზღვრა "ქართულმა ოცნებამ" და თუ ეს იყო 50 ლარი, დღეს სოციალურად დაუცველ ოჯახებს და მათ ბავშვებს აქვთ 200 - ლარიანი დაფინანსება და ბუნებრივია, ამის ზრდა ყოველწლიურად გაგრძელდება. პარალელურად სასკოლო ინფრასტრუქტურის მოგვარებასთან ერთად ვიმუშავებთ სასკოლო კვების დანერგვის პროგრამაზე.

კონკრეტული ვადის დასახელება სწორი არ იქნება, რომ მოსახლეობა არ შევიყვანოთ შეცდომაში, ეს დაახლოებით დაკავშირებულია იმ სასკოლო ინფრასტრუქტურის პროექტების მოგვარებასთან, რომელიც მიმდინარეობს და გაწერილია რამდენიმე წელზე, მაგრამ ჩვენ პარალელურად ვამუშავებთ რამდენიმე ვერსიას, რომ გარკვეულ ეტაპზე, როცა გარკვეული ნაწილი მაინც იქნება სასკოლო ინფრასტრუქტურის მოგვარებული და ეს მილიარდიანი პროექტი უკვე დაწყებულია, რომ პარალელურად შევძლოთ გარკვეული კონცეფციების და პროექტების შეთავაზება მშობლებისთვის და მათი ბავშვებისთვის სასკოლო კვებასთან დაკავშირებით”, - განაცხადა ამილახვარმა.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა