თქვენ, როგორც მთავრობის წევრი, იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების დაწყებაზე საქართველოს თანხმობას ამ ქვეყნის სანქცირება არ მოჰყვება და იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას რომ უვიზო რეჟიმი, რომელიც საქართველოს ევროპასთან აქვს, დარტყმის ქვეშ არ დადგება? - რას უპირებთ მფრინავ ოკუპაციას?- ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, რომელსაც ინტერპელაციის წესით უსმენენ.
ნაცვლიშვილმა ე.წ. რუსულ კანონთან და მის წინააღმდეგ გამართულ აქციებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და მინისტრს ჰკითხა, ხედავდა თუ არა რისკებს კანონპროექტში, „რომელიც საზოგადოების ერთ ნაწილს მეორეს ხელით უცხოური გავლენის აგენტებად აცხადებდა“.
„მე თქვენთან რამდენიმე კითხვა მაქვს არა მხოლოდ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრთან, რომელიც კანონის და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვაზე ხართ პასუხისმგებელი, ასევე როგორც უსაფრთხოების საბჭოს წევრთან - როგორ უყურებთ, რა რისკებს ქმნიდა კანონი, რომელიც საზოგადოების ერთ ნაწილს მეორეს ხელით აცხადებდა უცხოური გავლენის აგენტებად? ფიქრობთ, რომ ეს საზოგადოებრივ სიმშვიდეს ემსახურებოდა? საზოგადოებრივ მართლწესრიგს უქმნიდა საფუძველს ასეთი კანონის მიღება 76 ადამიანის ხელით, ნახევარი საქართველო აგენტად რომ უნდა გამოცხადებულიყო და ქუჩებში რომ იყო გამოკრული მათი პლაკატები რომ ხალხი მიქსეულიყო? ეს საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად შექმნილი გარემო იყო? ეს ადეკვატური იყო უსაფრთხოების და კანონის დაცვის თვალსაზრისით? ასევე კითხვა მაქვს, რას ფიქრობთ დღეს, საქართველოში ჩამოფრენილ რუსულ თვითმფრინავზე. ჩვენ აქამდე ვსაუბრობდით მცოცავ ოკუპაციაზე, დღეიდან ვისაუბრებთ მფრინავ ოკუპაციაზე. თქვენ, როგორც უსაფრთხოების საბჭოს წევრს, უსაფრთხოდ მიგაჩნიათ საქართველო, როდესაც საქართველოში უკონტროლოდ შემოდიან რუსეთის მოქალაქეები, შესაბამისად რუსული გავლენის აგენტები და შემოედინება რუსული კაპიტალი? თქვენ პასუხს აგებთ ასეთ პირობებში უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე? ამაში დარწმუნებული ხართ?
შეგახსენებთ, რომ „ლელო“ გამოვედით ძალიან კონსტრუქციული, სახელმწიფოებრივი წინადადებით, რომ შემოგეღოთ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებით. თქვენი პასუხისმგებლობაა, რომ იცოდეთ რუსეთის თითოეული მოქალაქის შემოსვლა უსაფრთხოა თუ არა საქართველოსთვის. თქვენ ეს არ იცით და არ იცით გამიზნულად. სავიზო რეჟიმი ამის შესაძლებლობას მოგცემდათ. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ კი არ მოცოცავს, მოფრინავს და დაფრინდა აქ რუსული თვითმფრინავი, ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას? მგონი, ეს სასაცილო არ არის“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილის ამ განცხადებას რეპლიკები მოჰყვა დარბაზში საპარლამენტო უმრავლესობის ფლანგიდან, საიდანაც ნაცვლიშვილს კითხეს, თუ რა კავშირშია მისი განცხადება ინტერპელაციასთან.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, ყველაფერი ეს ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია.