სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ დაკავებული 16 პირის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.
როგორც „ინტერპრესნიუს“ შსს-ს პრესსამსახურმა განუცხადა, აქციის დაკავებული მონაწილეები ამ დროისთვის კახეთის წინასწარი მოთავსების სხვადასხვა იზოლატორში იმყოფებიან. ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.
ცნობისთვის, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ აქცია გუშინ, დილიდან მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ყოფნას აპროტესტებდნენ.
საპროტესტო აქციაზე ვითარება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა, ადგილზე, ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 16 პირი.
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა. პრეზიდენტის თქმით, მან პირობა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ „წასულია ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას და ამდენად, დღეს ქორწილი აღარ ჩატარდება“.
მოგვიანებით, კიდევ ერთი აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა საგარეჯოს პოლიციის შენობასთან გამართეს და სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტუაცია აქაც დაიძაბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა და გიორგი ლომიძე მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ საგარეჯოს პოლიციასთან სიმღერა „მიშა მაგარიას“ ჩართეს.