კონსულტაცია რომ ნდომოდა „ქართულ ოცნებას" და მიუკერძოებელი ადამიანები, შსს- ის გენინსპექციის მაღალჩინოსანს, "ოდეერს" არ დანიშნავდნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მიიღეს თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატებთან დაკავშირებით უმრავლესობასთან კონსულტაციებში მონაწილეობას.
როგორც მან აღნიშნა, "ნოტარიუსის ფუნქციის შეთავსებას არ აპირებს."
„ეტყობა, "ქართულ ოცნებას" არ ესმის სიტყვა კონსულტაციის მნიშვნელობა. კონსულტაცია ნიშნავს, რომ რაღაც არჩევანი არსებობს და უნდა შევთანხმდეთ, მაგრამ არანაირი არჩევანი არ არსებობს. კონსულტაციის ნაცვლად, როცა ჩვენ დილით ვთქვით ყველამ, რომ მზად ვართ ამისთვის, მათ არჩიეს ფარული გარიგებების გზა. გაიყვანეს მათთვის სასურველი კანდიდატები, ვისაც ხმები არ ეყო, გადავიდნენ მეორე ტურში და კონსულტაცია რასთან დაკავშირებით გავიარო - კობახიძეს და მდინარაძეს სამი ხმა აკლია და ეს შევუვსო, ნოტარიუსის ფუნქცია შევითავსო? " - განაცხადა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის კვოტით ასარჩევ ორ კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესი ორი კვირით გადაიდო.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მეორე ტურის კენჭისყრა ფორმალურად ჩატარდა და შედეგად, ოთხივე კანდიდატი ჩავარდა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ვაკანტური ადგილის შესავსებად მეორე ტურში ოთხი - სხვებთან შედარებით მეტი მხარდაჭერის მქონე კანდიდატები გადავიდნენ. ეს კანდიდატები არიან რუსუდან კვინიკაძე (89 ხმა), გოგა კიკილაშვილი (89 ხმა), ლევან ნემსაძე (88 ხმა) და ნინო ნიშნიანიძე (87 ხმა). მესამე ტური 30 მაისს გაიმართება.