კვლევა - ქალი კოორდინატორების უფლებები ირღვევა როგორც პარტიების შიგნით, ისე გარეთ - ძალადობისა და უფლებების დარღვევის ფორმები მრავალგვარია

„ქალი კოორდინატორების გამოწვევები საქართველოში”- ამ სახელწოდებით სასტუმრო „თბილისი მარიოტში” კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ არჩევნების დროს ქალი კოორდინატორების უფლებები ირღვევა როგორც პარტიების შიგნით, ისე გარეთ.

როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, ძალადობისა და უფლებების დარღვევის ფორმები მრავალმხრივია: მათ შორის, საჯარო მოხელეებისა და სხვა აქტორების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.

„საქართველოში, პარტიულ პოლიტიკაში ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილი გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე და მათ ჩართულობა, მეტწილად, იერარქიულად დაბალი, მათ შორის კოორდინატორის პოზიციით შემოიფარგლება. ხშირად, პარტიები ამას წარმოაჩენენ, როგორც ქალთა წარმომადგენლობის ზრდას. სინამდვილეში, ამით ხდება ქალების ინსტრუმენტალიზება - ისინი ამ პოზიციაზე, ხშირად, უკიდურესი ეკონომიკური სიდუხჭირის ან სხვა, ისეთი ფაქტორების გამო მუშაობენ, რაც გამორიცხავს მათი არჩევანის თავისუფლებას. რაც მთავარია, მათ არ აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ პარტიულ გადაწყვეტილებებში.

აღნიშნული კვლევის მიზანი იყო ქალი კოორდინატორების მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება. ამისთვის, შევისწავლეთ ის გამოწვევები და ძალადობის ფორმები, რასაც ქალი კოორდინატორები აწყდებიან არჩევნებამდე, არჩევნებისას და არჩევნების შემდგომ პერიოდში.

კვლევამ გამოავლინა, რომ ქალი კოორდინატორების უფლებები ირღვევა როგორც პარტიების შიგნით, ისე გარეთ. ძალადობისა და უფლებების დარღვევის ფორმები მრავალგვარია: საჯარო მოხელეებისა და სხვა აქტორების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა; შანტაჟი რელიგიური ლიდერების მხრიდან; სოციალური დახმარების მოხსნით დაშინება; ოჯახის წევრების სამსახურიდან გათავისუფლების მუქარა; ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება; თავისუფლების უკანონო აღკვეთა; ადევნება; სექსუალური შევიწროება, არარეგულირებული სამუშაო პირობები; მოუწესრიგებელი შრომითი ხელშეკრულებები და ა.შ.

გამოვლენილი გამოწვევებისა და პრობლემების შესაბამისად, შევიმუშავეთ რეკომენდაციები პოლიტიკური პარტიებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის. მათ შორის: ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება; ანაზღაურება უნაღდო ანგარიშსწორებით; ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები მოსახლეობისთვის; პარტიების კოორდინატორთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების ამაღლება; არჩევნებში ქალთა მიმართ ძალადობისა პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმების შემუშავება და ა.შ.”-ნათქვამია კვლევაში.

არჩევნებში ქალი კოორდინატორების გამოწვევების შესახებ კვლევა “საფარის”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) თანამშრომლობითა და ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში ჩატარდა. პროექტის სახელწოდებაა: “არჩევნებზე პოლიტიკური პარტიების ქალი კოორდინატორების პრობლემები ფემინისტური საკითხია”.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს