საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ჩატარდა საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის „დასავლური ვექტორის“ და სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ორგანიზებით, სლოგანით „თავისუფლება მიშას!” „არა რუსულ ხელისუფლებას!”. ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დისკუსიაში საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, დისტანციურად მიიღო მონაწილეობა რუსმა უფლებადამცველმა, მარკ ფეიგინმა.
„შეხვედრაზე არაერთი საყურადღებო მოსაზრება გამოითქვა შექმნილ ვითარებაში ქვეყნის დამოუკიდებლობის, ევროატლანტიკური არჩევანის დაცვასა და საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოს, პუტინის პირად პატიმრად აღიარებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობიდან დახსნისთვის ბრძოლის გზებზე. შეიქმნა პლატფორმა, რომლის საფუძველზეც ფართო წრეების ჩართულობით ამ მიზნის მისაღწევად მოძრაობა გაფართოვდება”,-აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.