მეუფე შიო - ჩვენ გვწამს იმავე სარწმუნოებით, როგორც სწამდა წმინდა ნიკოლოზს, ჩვენ გვწამს იგივე რწმენა, რომელსაც გვმოძღვრავს ჩვენ წმინდა მართლმადიდებელი სარწმუნოება

ჩვენ გვწამს იმავე სარწმუნოებით, როგორც სწამდა წმინდა ნიკოლოზს, ჩვენ გვწამს იგივე რწმენა, რომელსაც გვმოძღვრავს ჩვენ წმინდა მართლმადიდებელი სარწმუნოება და ჩვენ გვჯერა და დარწმუნებული ვართ, რომ ღვთის წინაშე ჩვენი დიდი შემწეებისა და მეოხების ლოცვით, როგორებიც არიან წმინდა დიდი მღვდელმთავარი ნიკოლოზ მირონ-ლუკიის საკვირველმოქმედი, ღირსი მამა შიო მღვიმელი, წმინდა წინასწარმეტყველი ისაია, უფალი შეგვეწევა, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების მირონ-ლუკიიდან ბარში გადასვენების ხსენების დღეს ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიოს თქმით, რომ არ ყოფილიყო ქრისტიანული სარწმუნოება, ჩვენ მწუხარებათა მორევში ჩავეფლობოდით.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ქრისტეს მიერ საყვარელნო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, ამ დიდებული ტაძრის დღესასწაულს.

გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და ლოცვა-კურთხევას.

დღეს წმინდა ეკლესია საზეიმოდ იხსენიებს და ადიდებს წმინდა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსს და საკვირველმოქმედს, ღირს მამა შიო მღვიმელსა და წმინდა ისაია წინასწარმეტყველს.

მთელი მათი ცხოვრება იყო მუდმივი სწრაფვა ღვთისკენ და მიახლოება ღმერთთან. ამ მიზნით მათ მიაღწიეს სრულყოფილებას მოღვაწეობაში და სწორედ ამისთვის ეკლესია ადიდებს და უგალობს მათ. წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებაში იყო ერთი თვისება, რომელიც მას ჰქონდა, რომელსაც წმინდა ეკლესია განსაკუთრებული სიხარულით ახსენებს და უგალობს.

წმინდა ნიკოლოზის დაუჯდომელში არის ასეთი სიტყვები, რომ იგი განაგდებდა ადამიანებისგან მწუხარებას და ცრემლებს. „გიხაროდენ, განქარვებაო მწუხარებისაო, გიხაროდენ, მომნიჭებელო სიხარულისაო“ - ასეთ სიტყვებს ვგალობთ ჩვენ. რა ძალით აკეთებდა ამას წმინდა ნიკოლოზი, რომ განაგდებდა მწუხარებას და სევდას ადამიანებისგან და ანიჭებდა სიხარულს და ნამდვილ მხიარულებას? - ეს იყო უფლის რწმენა, რომელიც მას ჰქონდა, იმიტომ რომ წმინდა ნიკოლოზისთვის რწმენა არ იყო მხოლოდ საშუალება მარადიული გადარჩენისა, მარადიულ ცხოვრებაში გადარჩენისა, არამედ ასევე ამ მიწიერ ცხოვრებაში მწუხარებათა დაძლევის საშუალებაც იყო და ამაში იგი იყო წმინდა ეკლესიის ურყევი მოძღვრების ნამდვილი მიმდევარი, რომლის თანახმადაც, ჩვენი რწმენა არ არის მხოლოდ ღმერთის მიერ მოცემული ჭეშმარიტებების აღიარება, არამედ ასევე არის ურყევი რწმენა იმისა, რომ უფალი არ გვტოვებს ჩვენ და არასდროს დაგვტოვებს მწუხარების ჟამს, იმიტომ რომ ჩვენც ხშირად ვვარდებით ამა თუ იმ მწუხარებაში.

არის ხოლმე ისეთი გრძნობა, განცდა, რომ ამ მწუხარების, ამ სიმძიმის მეტად ატანა შეუძლებელი ხდება. ასეთი აზრებიც მოდის. ადამიანის გული უხეშდება, ჩვენი სული თითქოს ცარიელდება, გამოიფიტება და შინაგანად მივდივართ ბოროტებამდეც კი, სასოწარკვეთამდეც. აი, ამ სასოწარკვეთილებაში ხშირად გვინდება ხოლმე წმინდა დავით მეფსალმუნესთან ერთად მისი სიტყვების წარმოთქმა: „მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ შევიდა წყალნი სულად ჩემდამდე“. თქვენ გახსოვთ ეს მისი სიტყვები: „დავინთქ მე უყსა უფსკრულისასა და არა არს დათმენა“. ე.ი. წმინდა დავითი ამბობს, რომ შემეწიე, ღმერთო, იმიტომ რომ მე ვიძირები ამ მწუხარებათა გაუვალ ჭაობში და სულამდე მოვიდა წყალი. „არა არს დათმენა“ ნიშნავს, რომ აღარ არის დასადგომი ამ ჭაობში, ისე ვიძირები.

ამ მწუხარებაში განსაკუთრებით დიდ გულისტკივილს იწვევს ხოლმე მარტოობის, მიტოვებულობის შეგრძნება. ეს, მგონი, ყველას განგვიცდია, მაგრამ არასდროს უნდა მივეცეთ ამ აზრებს, ამ განწყობას. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ წინაშე არის წმინდა ნიკოლოზის სარწმუნოების მაგალითი, იმ სარწმუნოების, რომლითაც იგი განაშორებდა ყოველგვარ მწუხარებას, ყოველგვარ უბედურებას ადამიანებისგან, ვინც იყო შემოვედრებული მისდამი ლოცვით. განაშორებდა და განაშორებს დღესაც. ამ მხრივ, წმინდა ნიკოლოზის სარწმუნოება იყო ყოვლისშემძლე, შეიძლება ასე ითქვას. ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ღმერთმა მოგვცეს ეს ძალა და მადლი, რომ ჩვენც მოვიპოვოთ ასეთი სარწმუნოება და გვახსოვდეს უფალი იესო ქრისტეს სიტყვები: „ამა სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამხნევდით, მე ვძლიე სოფელს“.

ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, გავმხნევდეთ ქრისტეში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, უფალი აუცილებლად შეგვეწევა ჩვენი მწუხარების ჟამს და ყოველთვის, ჩვენი სარწმუნოების გამო, აი, ამ სარწმუნოების გამო. რომ არ ყოფილიყო ეს სარწმუნოება, ჩვენც, რა თქმა უნდა, ამ მწუხარებათა მორევში ჩავეფლობოდით, ჩავიძირებოდით, მაგრამ ჩვენ გვწამს იმავე სარწმუნოებით, როგორც სწამდა წმინდა ნიკოლოზს, ჩვენ გვწამს იგივე რწმენა, რომელსაც გვმოძღვრავს ჩვენ წმინდა მართლმადიდებელი სარწმუნოება და ჩვენ გვჯერა და დარწმუნებული ვართ, რომ ღვთის წინაშე ჩვენი დიდი შემწეებისა და მეოხების ლოცვით, როგორებიც არიან წმინდა დიდი მღვდელმთავარი ნიკოლოზ მირონ-ლუკიის საკვირველმოქმედი, ღირსი მამა შიო მღვიმელი, წმინდა წინასწარმეტყველი ისაია, უფალი შეგვეწევა და აუცილებლად ჩვენს ცხოვრებაშიც ასრულდება კიდევ ერთი დანაპირები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: „არ დაგტოვებთ თქვენ ობლად, მე თქვენთან ვარ ყოველთვის, ყოველთა დღეთა ცხორებისა თქვენისათა, ამინ!“

ქრისტე აღდგა!

ქრისტე აღდგა!

ქრისტე აღდგა!

როგორც მოგეხსენებათ, ეს წელიწადი არის საიუბილეო წელი, ჩვენ აღვნიშნავთ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლისთავს. ამასთან და დღეს ამ შესანიშნავი ტაძრის დღესასწაულთან დაკავშირებით, თქვენ დაგირიგდებათ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობისგან ლოცვა-კურთხევის სახით საიუბილეო ჯვრები.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ“,- განაცხადა მეუფე შიომ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო