საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ ოპონენტები დაადანაშაულოს, თითქოს ვინმე ახდენს საბოტაჟს ან აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს, თუმცა რეალურად ის ყველა მისი ქმედებითა და ნაბიჯით შორდება ევროკავშირს, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს.
მისი თქმით, ხელისუფლების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი პრაქტიკულად საწინააღმდეგოა იმ მოთხოვნებისა და რეკომენდაციების, რაც ევროპას აქვს.
„მათი განცხადებებით, მოქმედებებით, ფრენების გახსნით, სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობით, იმ ადამიანების რეპრესიებითა და დაკავებებით, ვინც რუსულ ოკუპაციას ებრძვის, ხელისუფლება უფრო და უფრო აჩენს, რომ ის რუსეთთან თანამშრომლობს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თან იხსენებენ წინა პერიოდს, თითქოს რაღაცას ამართლებენ ვიზების მოხსნასთან დაკავშირებით, თუმცა მაშინ იყო სულ სხვა კონტექსტი და მოლოდინი, ალბათ, ეს იყო მცდარი, პარტნიორების მხრიდანაც, რომ რუსეთი 12 აგვისტოს რაიმე ვალდებულებას შეასრულებდა.
დღეს არის სულ სხვა ვითარება, უკრაინაში არის ომი, საქართველოს აქვს საფრთხეები და საქართველოს ევროინტეგრაციის შანსი აქვს, ხოლო ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება, პირიქით, ყველაფერს აკეთებს იმის საწინააღმდეგოდ, რომ ევროპის კარი გაგვეხსნას და დავასრულოთ რუსეთის სატელიტის მდგომარეობაში ყოფნა“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.