ჩვენ გვაქვს 4-5 წლიანი პროგრამა, რომლის მიხედვითაც შესაბამის პარამეტრებში უნდა მოექცეს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასები, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს შეეხება.
ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა ასაბუთებდეს თუ არა უწყება რა რაოდენობის თანხაა გაცემული სხვადასხვა თანამშრომლებისთვის, ლაშა ხუციშვილმა უპასუხა, რომ თავდაცვის სამინისტროში 40 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს და ამ საკითხზე ალბათ, უწყება შესაბამის განცხადებას გაავრცელებს.
„ნებისმიერი თანხის გაცემა შესაბამისად უნდა იყოს დასაბუთებული. კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, თავდაცვის სამინისტრო შესაბამის განცხადებას გაავრცელებს. ზოგადად, როდესაც თანხის მასშტაბებზე არის საუბარი, ბუნებრივია, დასაბუთებულია. თავდაცვის სამინისტროში 40 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. თანხებთან მიმართებით იქიდან გამომდინარე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდენად დიდია ან რამდენად მცირე, როდესაც ვსაუბრობთ ამ რაოდენობის ადამიანზე. ზოგადად, ის, რომ ხელფასების საკითხი მნიშვნელოვნად არის მოსაწესრიგებელი და ამის მოწესრიგების პროცესი მიდის საჯარო სამსახურში, ეს ახალი ნამდვილად არ არის არავისთვის. ეს განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტროს ეხება. ჩვენ გვაქვს 4-5 წლიანი პროგრამა, რომლის მიხედვითაც შესაბამის პარამეტრებში უნდა მოექცეს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასები. არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, გასულ წელს თავდაცვის სამინისტროში ხელფასების დაახლოებით 10%-ანი ზრდა იყო, მიმდინარე წლისთვის 20%-იანი ზრდა დაემატა. ჩვენ გვაქვს შესაბამისი პირობა გაცემული, რომ მომდევნო წლებში საჯარო სამსახურში ხელფასები გაიზრდება იქიდან გამომდინარე, რომ კერძო და საჯარო სექტორს შორის დიდი დისბალანსი არ იყოს. ბუნებრივია, კერძო სექტორში უფრო მაღალი ტემპით იზრდება ხელფასები, ვიდრე საჯაროში. გასული წლის მეოთხე კვარტალში დაფიქსირდა ხელფასების დაახლოებით 22%-იანი ზრდა. შესაბამისად, არათუ მცირდება ეს განსხვავება, არამედ იზრდება საჯარო და კერძო სექტორს შორის ხელფასების მიმართულებით. ამიტომ, ის პოლიტიკა, რომელიც შემუშავებული გვაქვს, უკვე ასახულია ბიუჯეტის კანონშიც. ასევე, ფორმულა, რითაც უნდა მოწესრიგდეს, მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდება. ამ კონტექსტში არ მიმაჩნია, რომ საჯარო სამსახურში ხელფასების ზრდა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს არის შესაბამისი დამსახურებით და შესაბამის შედეგებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, განხორციელდეს“,-განაცხადა ხუციშვილმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"