ის, რომ სანქციებში მოხვდა რომელიმე კომპანია და მისი ოპერაციების რაღაც კატეგორია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სრულად შეიძლება იყოს აკრძალული, სანქციებთან მიმართებით, ამ კომპანიის თუ პირის ოპერირება,- ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
კითხვაზე, განემარტა, რეალურად რა სანქციებს ვართ შეერთებული, რას არა, ვიცავთ თუ არა ავია სანქციებს და როგორ ახერხებენ საქართველოში სანქცირებული პირები შემოსვლას, მინისტრმა აღნიშნა, რომ სანქციების აღსრულება ნიშნავს იმას, რომ საქართველო არ იქნას გამოყენებული სანქციების გვერდის ასავლელად.
„საქართველოს არ აქვს ინდივიდუალურად სანქციები დაწესებული, თუმცა საქართველო უზრუნველყოფს იმას, რომ არ მოხდეს გვერდის ავლა საქართველოს გამოყენებით ნებისმიერი ჩვენი პარტნიორის მიერ დაწესებული სანქციების. როდესაც ვსაუბრობთ სანქციების ნაწილზე, ძალიან მკაფიოდ იქნა განმარტებული არაერთხელ ჩვენი მხრიდან, ასევე ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომ საქართველო იცავს საფინანსო სექტორში დაწესებულ სანქციებს, რომლებიც ეხება საფინანსო ოპერაციებს და ასევე, საქართველო იცავს სანქციებს, რომელიც ეხება სავაჭრო ურთიერთობებს.
რაც შეეხება ავია სანქციებს - კომპანია, ბორტი ან თვითმფრინავი, რომელიც არის სანქცირებული, ეს კომპანია და ეს თვითმფრინავი, ვერ იქნება საქართველოში წარმოდგენილი და ამის განუხრელი დაცვით ხდება აღნიშნული ავიამიმოსვლა მიმდინარე ეტაპზე. ნებისმიერი მიმართულებით, ეს იქნება ავიამიმართულებით, საზღვაო მიმართულებით, თუ სახმელეთო მიმართულებით, სანქციებთან დაკავშირებით, საქართველოს აქვს სრული შესაბამისობა. როდესაც საუბრობთ თქვენ, რომ რომელიმე კომპანია არის დასანქცირებული ან რომელიმე თვითმფრინავი არის დასანქცირებული ან ვიღაცა არის ზოგადად დასანქცირებული, ეს არის საჯარო ინფორმაცია, რომელიც გამოქვეყნებულია ევროკავშირის მიერ, ასევე სხვადასხვა უწყებების მიერ, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, იაპონიაში და ძალიან ნათლად არის იქ ჩამოთვლილი, რა არის სანქცირებული და რა ითვლება სანქციების დარღვევად. ის, რომ სანქციებში მოხვდა რომელიმე კომპანია და მისი ოპერაციების რაღაც კატეგორია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სრულად შეიძლება იყოს აკრძალული, სანქციებთან მიმართებით, ამ კომპანიის თუ პირის ოპერირება. კომპანიები არსებობს, რომლებშიც მხოლოდ ინვესტირებაა აკრძალული, კომპანიები არსებობს, რომელთა შემთხვევაშიც ტვირთის შეძენაა აკრძალული“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.