საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დღე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ გახსნა.
მან ფაკულტეტის ისტორია მიმოიხილა და იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა განახორციელეს. რუსუდან ქუთათელაძემ მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს უნივერსიტეტში „ფაკულტეტის დღის“ დაარსებისა და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც დავით გურგენიძე თითოეული ფაკულტეტის, მეცნიერისა და სტუდენტის მიმართ იჩენს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით, შესანიშნავ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. 2016 წელს შეიქმნა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი. ჩვენ შევძელით და ძალიან მოკლე დროში სტუდენტებისათვის შევქმენით საინტერესო და ამავდროულად, კომფორტული გარემო. ფაკულტეტზე ფუნქციონირებს მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები. ჩვენი სტუდენტები კვლევებს ატარებენ, როგორც ადგილზე, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. პანდემიის პერიოდში, რექტორატის გადაწყვეტილებით, სწრაფი ტემპით გადავედით ონლაინ სწავლებაზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სასწავლო პროცესი შედგა. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ფაკულტეტმა 13 პროგრამის ავტორიზაცია-აკრედიტაცია გაიარა. ვთვლი, რომ ეს არის დიდი წარმატება, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ფაკულტეტის ხარისხის სამსახურს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, დამსაქმებლებს, უცხოელ პარტნიორებს. დღეს უკვე ვემზადებით კლასტერული აკრედიტაციისათვის. თანამედროვე განათლების სისტემა მუდმივად მოითხოვს განახლებას, პროგრამებში ხორციელდება მოდიფიცირება“, - აცხადებს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, რუსუდან ქუთათელაძე.
სტუ-ის ინფორმაციით, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს, სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის - ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, 300 სტუდენტი ამთავრებს. როგორც დეკანმა განაცხადა, ყოველსემესტრულად 60 სტუდენტი იღებს სახელმწიფო სტიპენდიას, მიმდინარე სასწავლო წელს 50 აბიტურიენტი ჩაირიცხა სახელმწიფო გრანტით, ფაკულტეტს დაწესებული აქვს სამი სახელობითი სტიპენდია.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დღე აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს მიულოცა. როგორც რექტორმა განაცხადა, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი, მიუხედავად იმისა, რომ 7 წლისაა, არის ერთ-ერთი წარმატებული ფაკულტეტი.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორია 100 წელზე მეტ პერიოდს მოიცავს, სადაც ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტმა ერთ-ერთი შესანიშნავი ფურცელი ჩაწერა. მინდა მადლობა გადავუხადო ფაკულტეტის ყველა წარმომადგენელს, აკადემიურ პერსონალს, დეკანს, სტუდენტებს იმ დაუღალავი შრომისა და თავდადებისთვის, რომელიც ამ 7 წლის მანძილზე გასწიეს, რათა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი ერთ-ერთი გამორჩეული ყოფილიყო. ჩვენ ერთად ვწერთ უნივერსიტეტის ისტორიას, ერთად ვმონაწილეობთ რეფორმების განხორციელებაში, რომელმაც შედეგად მოგვიტანა საერთაშორისო აღიარება და წინსვლა. წარმატებები მინდა ვუსურვო ფაკულტეტს. ცოდნა ძალაა, ამიტომ უნივერსიტეტი ყველაფერს გააკეთებს, რათა აქ მიღებული მაღალკვალიფიციური განათლება ჩვენმა სტუდენტებმა საქართველოს მშენებლობისთვის წარმატებით გამოიყენონ“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.