ვიქტორ ყიფიანი კახა კუჭავასთან ერთობლივ ფოტოზე - „სელფი“ არაერთ პირთან გადამიღია და მანამდე რატომ არ გაჩნდა ეჭვი? - რაც შეეხება პოლიტიკაში მოსვლას, „არასდროს თქვა - არასდროს“

„სელფი“ არაერთ პირთან გადამიღია და მიკვირს, რატომ მანამდე არ გაჩნდა ასეთი ეჭვი. არაერთი მათგანი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწე იყო, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაშინ რატომ არ გაჩნდა ასეთი კითხვები? - ასე გამოეხმაურა „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე, კახა კუჭავასთან გადაღებული ფოტოს გავრცელების შედეგად გამოწვეულ ინტერესს და კითხვას, ხომ არ აპირებს სწორედ კუჭავასთან ერთობლივ პოლიტიკურ აქტივობას.

რაც შეეხება პოლიტიკაში უშუალოდ ყიფიანის შესაძლო მოსვლის გადაწყვეტილებას, მან განაცხადა: „არასდროს თქვა - არასდროს“, ჩვენ ზომაზე მეტად ნუ დავწვრილმანდებით ჩვენს პასუხში და ჭარბ მოკრძალებასაც ნუ გამოვიჩენთ.

მისი თქმით, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ასეთი გადაწყვეტილების მიღება უნდა იყოს აღქმული როგორც ამ პირის სამოქალაქო გმირობა და გამბედაობა, საკუთარ მხრებზე აიღოს ძალიან კონკრეტული და ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა.

„საზოგადოებას აქვს მოთხოვნა ახალ მოთამაშეებზე, ახალ სახეებზე, თუმცა აქ ახალ მოთამაშეებზე, არა როგორც სუბიექტებზე, არამედ, როგორც ახალ ხელწერაზე, ახალ მიდგომაზე. ჩემი აზრით, საზოგადოება ძალიან გადაიღალა იმ ვითარებით, რომელსაც ის ხედავს და ამას, სხვათა შორის, ეს ყბადაღებული NDI – IRI-ის გამოკითხვები არ სჭირდება.

სიმართლე გითხრათ, ვინც არ უნდა იღებდეს პოლიტიკაში შესვლის გადაწყვეტილებას, ამას რაღაც განსაკუთრებული ეპატაჟი არ უნდა უკავშირდებოდეს, მე თუ ეს გადაწყვეტილება მივიღე, ამას ძალიან მშვიდად ვიტყვი, მაგრამ ჩემი გონება და ჩემი ფიქრი ახლა სხვა რამით არის დაკავებული. ერთი რამ მიკვირს, როდესაც საქართველოში ირჩევენ ამა თუ იმ მაღალი თანამდებობის პირს, ჩვენ კადრებს ვუყურებთ ხოლმე, ზღვა მილოცვებისა და აღფრთოვანებისა. სიმართლე რომ გითხრათ, დღეს საქართველოს რეალობაში, შენს თავზე რომ აიღო პოლიტიკური ტვირთი და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, ეს უფრო თანაგრძნობას იწვევს, ვიდრე აღტყინებასა და სიხარულს, ეს იმხელა ტვირთი და პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ის ამასთან, გამოეხმაურა რუსეთ - საქართველოს ურთიერთობის ახალ ტენდენციებს, მათ შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას და განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები გამოწვევაა ევროკავშირისთვის, რომლის პასუხიც უნდა იყოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

„ჰუმანიტარული კუთხით გადაწყვეტილებას არაფერი არ დაეწუნება. ჩვენ ეს გადაწყვეტილება რომ ამოვგლიჯოთ პოლიტიკური კონტექსტიდან, რა თქმა უნდა, საღად მოაზროვნე ადამიანი, რთულად წარმოსადგენია, რომ წინააღმდეგი იყოს პირდაპირი ფრენების, უვიზო მიმოსვლის, მაგრამ ჩვენ თავისთავად ცხადია, უნდა გავითვალისწინოთ ის რთული გეოპოლიტიკური კონტექსტი, როდის მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. საქართველო არის საკუთარი გეოგრაფიის ტუსაღი. რა თქმა უნდა, ასეთი მდგომარეობა გავლენას ახდენს მის პოლიტიკურ ხაზზე.

ეს გადაწყვეტილებები, ცალმხრივი ნების გამოვლენის ფორმით, რუსეთს მხრიდან იქნა ამოქმედებული ჩვენთვის უხერხულ დროს.

მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის ფედერაციამ მიიღო, იმდენად ჩვენდამი განხორციელებული გამოწვევა არ არის, რამდენადაც ევროკავშირის მიმართ. მე მგონია, რომ ამ გადაწყვეტილების ფონზე, განსაკუთრებით მომწიფდა და განსაკუთრებით საჭირბოროტო გახდა ევროკავშირის მხრიდან ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღება. და ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ჩვენი ქვეყანა დღეს იდეალურად, სრულფასოვნად ან სრულყოფილად ვერ ასრულებდეს იმ ცნობილ 12 რეკომენდაციას, მაგრამ პოლიტიკური მდგენელი იმ გადაწყვეტილებისა, რასაც ჩვენ ველოდებით, რუსეთის ქმედებების ფონზე, კიდევ უფრო მეტად აქტუალური გახდა და ალბათ, ამ გადაწყვეტილებებმა ევროკავშირის ბიუროკრატიას კიდევ უფრო მეტად შეუმცირა სივრცე იმ გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც მეტწილად პოლიტიკური, პრაგმატული, გეოპოლიტიკური, მოსაზრებებით უნდა იყოს ნაკარნახევი. ფაქტია, რომ ამ ნაბიჯებით რუსეთმა გაზარდა რბილი ძალის პროეცირების ხარისხი და ამიტომ, ერთადერთი საპირწონე, ერთადერთი გამანეიტრალებელი და სწორი პასუხი, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს ევროკავშირის მხრიდან, ეს არის წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსზე დადებითი პასუხის მიღება. ეს იქნება ყველაზე სწორი, დამაბალანსებელი, რომ ქართული საზოგადოება უკვე მეორე ჯერზე არ იქნეს გაწბილებული თავის მოლოდინებში. ევროკავშირში გაწევრიანება - კანდიდატობა იქნება თუ სრულფასოვანი წევრობა, ეს ყოველთვის არის ორმხრივი მოძრაობის ქუჩა, ჩვენ დავალებებს ვასრულებთ ავად თუ კარგად, მაგრამ აუცილებელი მოთხოვნაა, რომ ამ ქუჩის საპირისპირო მხრიდან ჩვენკენ, ასევე, თანაბარი წარმატებით, თანაბარი დინამიკითა და ხარისხით მოძრაობდეს ევროკავშირიც“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინაში ომის მეორე წლისთავზე საქართველოსთვის ცხადად ჩანს, რომ ევროკავშირის და ნატო-ს წევრობა უალტერნატივოა ეროვნული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის
ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულები და მასთან დაკავშირებული პრობლემები - როგორ ამოვიცნოთ მოძალადე და როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი შვილს მომხდარის გადატანაში? - ფსიქოლოგის რეკომენდაციები
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2024
გამორჩეული სიახლე - ახალი HONOR X8b სმარტფონის განხილვა
ჰიუნდაი ავტო საქართველოში შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
ტერაბანკის პარტნიორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრე-აქსელერაციის პროგრამა დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას