პატრიარქი - 1991-1993 და 2008 წლების ომებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გარდაცვლილ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების საოხად ტაძარი აშენდება

1991-1993 და 2008 წლების ომებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გარდაცვლილ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების საოხად ტაძარი აშენდება, - ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

პატრიარქის განმარტებით, ეკლესია ბაზილიკის ტიპის იქნება ხუთი საკურთხევლით.

„2011 წელს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში იკურთხა ადგილი, სადაც უნდა აშენებულიყო ტაძარი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ომში მოწყვეტილ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების საოხად და ჩვენი ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს მშენებლობა შეფერხდა.

დღეს, მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, „აფხაზეთობას“, ხდება ამ ტაძრის საფუძვლის განახლება. ეკლესია ბაზილიკის ტიპისა იქნება ხუთი საკურთხევლით: წმ. სვიმონ კანანელის, წმ. ვასილისკოს, წმ. იოანე ოქროპირის, ქსნის ერისთავთა - შალვას, ელიზბარის და - ბიძინა ჩოლოყაშვილის, ასევე, გაერთიანებული საქართველოს დიდებული მეფის - წმ.თამარის სახელობისა. მათი მეოხებით ღმერთმა სავანესა თვისსა განუსვენოს ძმათა მკვლელი ომის მსხვერპლთ, ხოლო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიჰმადლოს მშვიდობა; ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს მრავალჭირგამოვლილი, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ჩვენი მოსახლეობა და ყოველი ადამიანი, ვინც ამ ტაძრის მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას. ღმერთმა დალოცოს აფხაზები, ოსები და სრულიად საქართველო“, - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს