საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტს კარლსრუეს ტექნოლოგიურ ინსტიტუტმა (გერმანია) ქანების, მადნებისა და მინერალების ლაბორატორიული კვლევისათვის აუცილებელი შლიფებისა და ანშლიფების დასამზადებელი ლაბორატორიის (Metkom Geoform 102, Metkon Forcipol) სრული კომპლექტი აჩუქა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კარლსრუეს ტექნოლოგიურ ინსტიტუტს მრავალწლიანი ურთიერთთანამშრომლობა აკავშირებს და ორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება DAAD-ის პროექტის - „მდგრადი განვითარების პროექტი კავკასიაში“, ფარგლებში მნიშვნელოვანი აქტივობებს ახორციელებს.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ნოდარ ფოფორაძემ განაცხადა, უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო ლაბორატორიების გადაიარაღება, ახალი ხელსაწყო-მოწყობილობების შეძენა ინტენსიურად მიმდინარეობს.
„ბოლო წლების განმავლობაში უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი ლაბორატორიები შეიძინა, რაც ახალგაზრდა სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. გერმანელი კოლეგების მხრიდან ქანების, მადნებისა და მინერალების ლაბორატორიული კვლევისათვის აუცილებელი შლიფებისა და ანშლიფების დასამზადებელი ლაბორატორიის (Metkom Geoform 102, Metkon Forcipol) სრული კომპლექტის შეძენა, რომელიც ყველა საჭირო მასალითა და დამხმარე მოწყობილობითაა აღჭურვილი, კიდევ მეტად გააძლიერებს ჩვენს ტექნიკურ მხარეს. ე.წ. საშლიფე ლაბორატორია დიდად დაეხმარება თანამშრომლებს და სტუდენტებს სასწავლო და სამეცნიერო სამუშაოების შესრულებაში. მადლობას ვუხდით კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორს, ბირგიტ მიულერს, დოქტორებს: დენის ქუანდტსა და ბენჯამინ ბუშს, გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის - “გეოლოგია”, მესამე კურსის სტუდენტებმა ილია ბლუაშვილმა, ალექსანდრე ტეფნაძემ და ალექსანდრე კამენსკიმ DAAD-ის პროექტის - „მდგრადი განვითარების პროექტი კავკასიაში”, ფარგლებში, კარლსრუეს ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სამკვირიანი პროფესიული პრაქტიკა, პროფესორი ბირგიტ მიულერის ხელმძღვანელობით, გაიარეს“, - აცხადებს ნოდარ ფოფორაძე.