გელა გელაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

გელა გელაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

რუსთაველის ეროვნული თეატრის დარბაზში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის მეოთხე ნაკადის კურსდამთავრებულების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გელა გელაძემ მიიღო.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ახალგაზრდებს სწავლის დასრულება მიულოცა და განათლების სისტემის განვითარების კუთხით საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

სამინისტროს ცნობითვე, გელა გელაძემ ევროკავშირის წარმომადგენლებს ნაყოფიერი პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ევროკავშირს, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის დაფინანსებითა და მხარდაჭერით, საქართველოს განათლების სისტემის განვითარების საქმეში უდიდესი წვლილი შეაქვს.

„აღსანიშნავია, რომ ევროპული სკოლის 38 კურსდამთავრებული, რომლებმაც ორ-წლიანი ევროპულ ფასეულობებზე ორიენტირებული საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამა წარმატებით დაასრულეს, სწავლას, სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით, მსოფლიოს ისეთ წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გააგრძელებს, როგორებიცაა – ჰარვარდის, იელის, ბრაუნის, ჰონგ-კონგის და სხვა ცნობილი უნივერსიტეტები. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამის დიდ წარმატებას საქართველოში.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ევროპული სკოლის პროექტს რეგიონში ანალოგი არ ჰყავს და იგი ევროკავშირის ფარგლებს გარეთ პირველ პრეცედენტს წარმოადგენს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსწავლეებს მულტიკულტურულ გარემოში, ფუნდამენტურ ღირებულებებზე დაფუძნებულ მაღალი ხარისხის ევროპულ განათლებას სთავაზობს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.